ომი არ დაიწყება საქართველოში - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხის, ქვეყნის ინტერესები იყოს წამოწეული - კალაძე

კახა კალაძე

პირველ რიგში, ომი არ დაიწყება საქართველოში, იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები და ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს წამოწეული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება; ეს იქნება უდიდესი პრობლემა, ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე და უკრაინას თავი რომ დავანებოთ, 2008 წელს, ყველამ კარგად გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში – დაკარგული ტერიტორიები, ადამიანების დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სოფლები, გაქცეული მთავრობის წევრები. საქართველოში ომი რომ დაიწყოს, ქვეყანა აღარ დარჩება, სახელმწიფო აღარ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ვერ მოგვცემენ, სახელმწიფო რომ აღარ იქნება, ომი რომ დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა არგუმენტით ამბობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ ევროკავშირი სტატუსის მონიჭების სანაცვლოდ საქართევლოში ომის დაწყებას ითხოვს, კალაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ფაქტი შეუძლია, მოიყვანოს ამასთან დაკავშირებით.

„ის განცხადებები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას; რომ საქართველო უნდა შეეხიდოს. არის კონკრეტული, რაშიც მე არ მინდა, შევიდე და ვისაუბრო; ამაზე იქნა არაერთხელ განცხადებები გაკეთებული, რომ ჩვენ ვაპირებდით, ვისაუბროთ ყველაფერზე, მაგრამ დღეს თავს ვიკავებთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მინდა ამ დეტალებში შესვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ომის დაწყების პირობებში, საქართველო იქნება უმძიმეს მდგომარეობაში.

„სახელმწიფო აღარ იარსებებს და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, ჩვენი ქვეყნის 80-85% პროცენტი უჭერს მხარს ამას, ჩვენ ყველას გვინდა, რომ ცოცხლები, მშვიდობიანები, ძლიერი ქვეყანა ვიყოთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი და ევროპა ჰქვია და არა განადგურებული, დაბეჩავებული, დანგრეული“, – განაცხადა კალაძემ.