პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გადაადგილებასთან დაკავშირებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გამოწვევები არსებობს, თუმცა მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კრიტიკა და რჩევები მისაღებია, რადგან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების დროს, მოქალაქეების თანადგომა აუცილებელია. თუმცა, კალაძის განცხადებით, კრიტიკა უნდა იყოს სამართლიანი.
„ყველა წარმატებული პროექტის უკან, რაც ბოლო წლებში დედაქალაქში მიმდინარეობს, დგახართ თქვენ, რიგითი ადამიანები, ვისაც ქალაქის წარმატება და განვითარება უხარია. თქვენგან კრიტიკაც მოდის, რაც მისაღებია, თუმცა, ეს კრიტიკა უნდა იყოს სამართლიანი. მოქალაქეების არც ერთი წერილი, რჩევა ყურადღების მიღმა არ რჩება. ყველა პროექტის განხორციელების დროს ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. უამრავი კარგი პროექტი გავაკეთეთ და უფრო მეტს გავაკეთებთ. ცხადია, გვაქვს პრობლემები და გამოწვევები. ამას არავინ გაურბის. პირიქით, ვცდილობთ, ყველაფერი ქალაქის სასიკეთოდ მოვაგვაროთ. წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო უდიდესი პრობლემა და დავიწყეთ ამის მოგვარება, წამოვიწყეთ რეფორმა. გამოწვევები დღესაც გვაქვს, თუმცა ვართ თანმიმდევრული და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, წლების წინ ქალაქს გაუმართავი ავტობუსები ემსახურებოდა, რომელიც რეფორმის შედეგად, ახალი, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდა.
„პირველ რიგში, დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მეამაყება, რომ თბილისს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ისინი ყველანაირად გამართულია კონდიცირება-გაგრილება-გათბობის სისტემებით, აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების კამერებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ა.შ. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი „ბოგდანები“, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, როგორც გადაადგილების, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით. ქალაქში ჰაერის პირველი დამბინძურებელი იყო მაშინდელი „ყვითელი ავტობუსები“ და მიკროავტობუსები. ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა, კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობს, დავიწვით ხალხი, ეს წარსულს ჩავაბარეთ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით. ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს, ხვალი უფრო მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლების შემდეგ, მნიშვნელოვანია მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მუნიციპალიტეტი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
„შემდეგი ნაბიჯი არის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და კომფორტი გავზარდოთ. დღეს ქალაქში გვაქვს გადაადგილების პრობლემა და ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული არაა. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, თუმცა, ამას გამართული, კომფორტული, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დავუპირისპიროთ. გაძლევთ პირობას, რომ ასეც იქნება. ზუსტად ამის გამო ვაწარმოებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. დიახ, სამწუხაროდ, არის დისკომფორტი. ორი მნიშვნელოვანი კვანძი – ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები გადათხრილია, თუმცა, ჩვენ ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და ქალაქში გადაადგილება იყოს კომფორტული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.