„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეული შემცვლელი ვიპოვოთ“ - ნაპოლის დირექტორი კვარაზე

დირექტორი „ყველაფერს შემცვლელი ღირსეული ნაპოლის გავაკეთებთ, რომ ვიპოვოთ“ - კვარაზე

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ იტალიურ DAZN-თან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბის ორი მოთამაშის ვარიანტს განიხილავს, თუმცა, მათ გარდა სამიზნეში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია.

რას ამბობს მანა:

„მოვიყვანთ თუ არა კვარას შემცვლელს? რა თქმა უნდა. არსებობს ორი მოთამაშე, რომელიც ძალიან მოგვწონს და ვეცდებით, მათგან რომელიმე მოვიყვანოთ, მაგრამ ისინი არ არიან ერთადერთი, რომელსაც კლუბი აკვირდება. ყველაფერს კარგად შევაფასებთ და რა თქმა უნდა, არ გადავიხდით ისეთ ფასს, რომელიც ბაზრის გარეთ იქნება. პირველ რიგში, ჩვენ მოთამაშის ნებას შევაფასებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ასევე პატივს ვცემთ ჩვენს პრინციპებს და უკან დახევას არ ვაპირებთ, მაგრამ ამისთვის შესაბამისი პირობები უნდა იყოს“.

„ადეიემი გარნაჩოს მაგივრად? ჩვენი ხელფასის ზღვარს პატივი უნდა ვცეთ. ადეიემის გარდა სხვა იდეებიც გვაქვს და ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში. არ გვინდა გულშემატკივრებს დიდი მოლოდინები გავუჩინოთ, ეს სწორი არ იქნება, რადგან შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. მაგრამ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენს შესაძლებლობების საზღვრებში იქნება, რათა გუნდი გავაუმჯობესოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა. იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება ქართველი შემტევის შესაძლო შემცვლელის შესახებ, ორ მთავარ კანდიდატად კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი, ალეხანდრო გარნაჩო და „ბორუსია დორტმუნდის“ გარემარბი, კარიმ ადეიემი მოიაზრებიან.