„ომიკრონის“ დროს ძლიერი ხველა ნიშნავს თუ არა ფილტვების დაზიანებას

ხველა

კორონავირუსის რამდენიმე შტამის გამოვლენის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ომიკრონი“ ერთ-ერთია, რომელსაც ძლიერი ხველა ახასიათებს ან ვირუსის დაწყებისთანავე, ან შემდეგ. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ძლიერი ხველის დროს საქმე გვაქვს თუ არა ფილტვების დაზიანებასთან, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების განცხადებით, „ომიკრონი“ ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა და სხვა შტამებისგან განსხვავებით, ფილტვებს არ უტევს.

„პრაიმთაიმი“ აქტუალურ საკითხზე ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

„ხველა ყოველთვის არ ნიშნავს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას. ხველა შეიძლება განვითარდეს მაშინაც, როცა ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ზემო სასუნთქ გზებში და დაზიანებულია ან ტრაქია, ან ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი. ანუ არის ანთებითი პროცესი.

ხველის არსებობა ყოველთვის პნევმონიას და ბრონქიტს არ ნიშნავს. თუმცა, გასათვალისწინებელია ხველის ხასიათი. თუ პაციენტს აქვს მშრალი ხველა, ეს არ ნიშნავს, რომ ფილტვებია დაზიანებული. ხველა დინამიკაში თუ არ იმატებს და აქვს კლების ტენდენცია, არ არის საგანგაშო და საყურადღებო. მაგრამ თუ პაციენტს ნელ-ნელა ჩამოუყალიბდა სპაზმური ხასიათის ხველა, ან აქვს ხველა ნახველით, ეს მიანიშნებს, რომ გარდა ქვემო სასუნთქი გზებისა, დაზიანებულია ქვედაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ხველაზე გავამახვილოთ ყურადღება.

მნიშვნელოვანია, ხველის ინტენსივობა და ხასიათი დინამიკაში შეფასდეს - იცვლება თუ რჩება იგივე. თუ იგივე რჩება და იკლებს, ამაში საშიში არაფერია, ნებისმიერი რესპირაციული ინფექციისთვის, მათ შორის კოვიდისთვის და მისი შტამის, „ომიკრონისთვის“ ეს დამახასიათებელია“, - ამბობს გოგინავა.