პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში, მსოფლიოსა და საქართველოში COVID-19-თან არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას და შესაბამის მონაცემებს აქვეყნებს.
ამასთანავე, ინფექციონისტი მოსახლეობას მიმართავს და საჭირო რჩევებს აძლევს.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:
,,COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და
საქართველოში
------------------------------------------------------
COVID პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ბოლო თვეებში მსოფლიოში აღინიშნებოდა COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-400 ათასი ახალი შემთხვევა და 1000-დან 1500-მდე გარდაცვალება. ბოლო კვირებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვ.) იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა და უახლოეს კვირეებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული. რამდენად გამართლდება ასეთი პროგნოზი, ჯერ უცნობია. საქართველოში ოქტომბრის თვეში ფიქსირდებოდა COVID ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია - საშუალოდ 200-დან 500-მდე ახალი შემთხვევა დღეში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მე-7 თვეა სტაბილურად ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე შემდგომი კლების ტენდენციით. ასე მაგალითად: ბოლო კვირაში იყო 3 გარდაცვალება, ხოლო ბოლო 1 თვის განმავლობაში - სულ 13 გარდაცვალება, ანუ ორ დღეში 1 გარდაცვალებაზე ნაკლები.
სადღეისოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და მედიკამენტებით (პაქსლოვიდი, რემდესივირი, დექსამეტაზონი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი და სხვ.).
სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, მათ შორის ბოლო 1 თვის მონაცემებითაც ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები (50 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 3,3 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში) ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (255 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 29 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (404 გარდაცვალება და 47 გარდაცვალება), გერმანია (277 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), საფრანგეთი (222 გარდაცვალება და 28 გარდაცვალება), ისრაელი (138 გარდაცვალება და 8 გარდაცვალება), ფინეთი (615 გარდაცვალება და 105 გარდაცვალება), შვედეთი (217 გარდაცვალება და 41 გარდაცვალება), დანია (280 გარდაცვალება და 46 გარდაცვალება), იაპონია (149 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (252 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), ავსტრალია (368 გარდაცვალება და 17 გარდაცვალება), ლიტვა (223 გარდაცვალება და 33 გარდაცვალება ), ლატვია (258 გარდაცვალება და 36 გარდაცვალება), ესტონეთი (210 გარდაცვალება და 44 გარდაცვალება), ავსტრია (555 გარდაცვალება და 25 გარდაცვალება) და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 7 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.94%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.
მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში მიმართეს ექიმს და ასრულებდნენ მის რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში პრაქტიკულად მიაღწია COVID-ის, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვას. რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების, მაგალითად გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის და სხვ. ეპიდემიებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.
მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს.
მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს COVID ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.