1728420497
ახალი შტამი „ომიკრონთან“ შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება
კამერუნის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე, „ომიკრონი“, - ამის შესახებ პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა, მაკა ბულეიშვილმა განაცხადა.
„კამერუნის შტამზე სერიოზული კვლევაა დაწყებული, დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. იმ მწირი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს შტამი „ომიკრონთან“ შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება. ის რამდენად მძიმე იქნება ორგანიზმისთვის, ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ის სწრაფად ვრცელდება.
ახალი შტამის გამოჩენისას ევროპული ქვეყნები თავს ორი დოზით აცრის უმაღლესი მაჩვენებლებით ხვდებიან. მაგალითად, ისრაელში მეოთხე „ბუსტერ“ დოზის გაკეთებაც კია დაშვებული. საქართველოში კი ჰოსპიტალიზაციის დონე მკვეთრად მომატებულია, რადგან ორი დოზით აცრილთა რაოდენობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, „ომიკრონის“ წინააღმდეგ ბრძოლა უფრო გაგვიჭირდება, თანაც შესაძლებელია „ომიკრონი“ იანვრის ბოლოს დომინანტი შტამი გახდეს“, - აღნიშნა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“.
ცნობისთვის, აღმოაჩინეს ვირუსის მუტირებული ვარიანტი, რომლის დროებითი სახელია B.1.640.2.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსს აქვს 46 მუტაცია, მისი გავრცელების წყაროდ კი ამ დროისთვის კამერუნი სახელდება.