უხარისხობის გამო იტალიამ ტონობით ქართული თხილი უკან მოაბრუნა

თხილი

საქართველომ 2021 წელს თხილის ექსპორტით $118.3 მლნ მიიღო, რაც 2020 წელთან შედარებით 25.8%-იანი ზრდაა.

BMG-მ საქსტატიდან თხილის უმსხვილესი TOP-10 ექსპორტიორი კომპანიის სია გამოითხოვა, რომელთა შორის ერთ-ერთი შპს "ვანი ნათსია”. 

აღსანიშნავია ,რომ კომპანიას იტალიამ ექსპორტირებული თხილი უკან დაუბრუნა.

კომპანიის დამფუძნებელი მახარე ლემონჯავა ამბობს, რომ ამის მიზეზი 2021 წლის მოსავლის დაბალი ხარისხი იყო. როგორც ის bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, უამინდობის გამო ქართულ თხილში აფლატოქსინის ჭარბი რაოდენობა იყო, შესაბამისად ხარისხის კუთხით თხილმა სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. სწორედ ამიტომ ამ დროისთვის "ვანი ნათსის" მოსავლის 80% ისევ გასაყიდია.

„2021 წელს თხილის დაბალი ხარისხი და სხვადასხვა ბაზრიდან მოსავლის მობრუნების ფაქტები მთლიანად სექტორის პრობლემა იყო. ექსპორტზე გერმანიაში, პოლონეთსა და იტალიაში ჯამში 900 ტონა თხილის გული გავიტანეთ, თუმცა იტალიაში გაგზავნილი თხილის დიდი ნაწილი უკან დაგვიბრუნეს. დაბალი ხარისხის მიზეზი ძირითადად მაღალი ტენიანობის გამო აფლატოქსინის ჭარბი რაოდენობა იყო. ვფიქრობ, პრობლემის აღმოსაფხვრელად ფერმერებმა ბაღებს უკეთ უნდა მოუარონ, შეწამლონ და სეზონისთვის შესაბამისად მოემზადონ,” - განმარტავს “ვანი ნათსის” დამფუძნებელი.