როგორი იქნება იანვარი და რომელ დღეებზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

ასტროლოგია

ასტროლოგი რამაზ გიგაური იანვრის ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს. 

„2022 წლის რთული და კრიზისული მოვლენების შემდეგ, 2023 წლის იანვარი ადამიანებისთვის ერთგვარი სხივია, რომელსაც მოვლენების, სიტუაციების და საქმეების სასიკეთოდ შემოტრიალების იმედად აღიქვამენ.

2023 წლის იანვარი - ეს არის არა მხოლოდ ახლის დასაწყისი, არამედ ძველის დასრულების პერიოდიც. ამ თვეში არ არის სასურველი აჩქარება, რადგან ორი პლანეტა რეტროგრადულად მოძრაობს - მარსი 12 იანვრამდე იმოძრავებს რეტროგრადულად, ხოლო მერკური საერთოდ, 18 რიცხვამდე. ეს მიანიშნებს, რომ თვის პირველის ნახევარი უფრო ძველის გააზრებას, გაანალიზებას დაეთმობა, ძველი საქმეების დასრულებას ან დასტაბილურებას მაინც.

გაცილებით საინტერესო გამოდგება იანვრის მეორე ნახევარი და კიდევ უფრო სასიკეთო მესამე დეკადა. როდესაც ეს ორივე პლანეტა დირექტიულ მოძრაობას დაიწყებენ და ბევრი ურთიერთობა თუ საქმე „მკვდარი წერტილიდან“ დაიძვრება. ცხოვრების ბევრი რგოლი თუ მიმართულება ახალი ძალით „ამუშავდება“, რაც ბუნებრივია, მოიტანს დინამიკის ერთი-ორად გაზრდას.

იანვრის პირველი და მეორე დეკადა ბევრ ადამიანს საშუალებას მისცემს გაერკვეს ახალ რეალობაში, მოახდინოს ერთგვარი ორიენტაცია და აირჩიოს მიმართულება.

22 იანვრის ახალმთვარეობის შემდეგ (მერწყულის ზოდიაქოს მე-2 გრადუსში)დაიწყება ახალი ციკლი. სწორედ, 22 იანვარს დადგება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ახალი წელი და კურდღლის წლის ენერგია „ამოქმედდება“, რომელიც ჩაანაცვლებს „ვეფხვის“ სირთულეებს, კრიზისებსა და სტრესებს.

22-23 იანვრის შუალედი კიდევ ერთი ასტროლოგიური მოვლენით არის „მდიდარი“ - პლანეტა ურანი რეტროგრადული ფაზიდან დირექტიულად დაიწყებს მოძრაობას. მერკურისა და მარსისგან განსხვავებით, ურანი ასტროლოგიურად „ეპოქალურ“ პლანეტათა ჯგუფს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალურ დონეზე დაიწყება ახალი ცვლილებები და რეფორმები, ადამიანებში გაძლიერდება რევოლუციური განწყობა, რაც ბევრს სწორედ ახალი რეალობის ფორმირებისკენ უბიძგებს.

აქედან გამომდინარე, იანვრის ბოლო კვირა გამორჩეული იქნება პროდუქტიულობით და ნაყოფიერებით. ის ადამიანები, რომლებიც იანვრის პირველ ნახევარში ცდილობდნენ, გარკვეული მიმართულებით წარმატების მიღწევას და ვერ ახერხებდნენ, სწორედ 25-31 იანვრის შუალედში მიიღებენ შანსს, რომ დაიწყონ განვითარება და მნიშვნელოვნად წაიწიონ წინ.

7 იანვარს - სავსემთვარეობა, ხოლო 22 იანვარს კი ახალმთვარეობა დაფიქსირდება. თბილისის დროით ეს მოხდება:

* სავსემთვარეობა - 7 იანვარს (3:08 საათზე)

* ახალმთვარეობა - 22 იანვარს (0:53 საათზე).

ინგრესია:* 3 იანვარი > ვენერა მერწყულის ზოდიაქოში* 8 იანვარი > შავი მთვარე (ლილიტი) ლომის ზოდიაქოში* 20 იანვარი > მზე მერწყულის ზოდიაქოში* 27 იანვარი > ვენერა თევზების ზოდიაქოში“