ამაღამ ახალმთვარეობაა - ასტროლოგის გაფრთხილება

ახალმთვარეობა

2022 წლის სექტემბრის ახალმთვარეობა პიკით საქართველოს დროით 26/09 1:54:28-ზე იქნება. ამასთან დაკავშირებით, ასტროლოგი ხათუნა ნოელი შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს:

„ახალმთვარეობის წერტილს სასწორის მე-3 (02°49') გრადუსიდან ოპოზიცია აქვს ვერძის ნიშანში მყოფ იუპიტერთანაც და თევზებში მდგომ ნეპტუნთანაც. შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მთვარის ამ ფაზის განმავლობაში საჭირო გახდება გარკვეული ბალანსის დაცვა ჩვენს ამბიციებსა და შესაძლებლობებს შორის. უნდა თვალი გავუსწოროთ რეალობას, არ მოვექცეთ ილუზიების ტყვეობაში და რადგან ორივე პლანეტა, იუპიტერიცა და ნეპტუნიც რეტროგრადულია, გადავხედოთ ძველ თემებს, გავითვალისწინოთ, თუ სად დავუშვით შეცდომები, რომ ახლაც არ გაგვეპაროს მსგავსი უზუსტობები.

აქვე ვიტყვი, რომ მზისა და იუპიტერის ოპოზიცია პრობლემებს შეუქმნის მათ, ვინც ხელისუფლებას/ ძალაუფლებას წარმოადგენენ. ამავე ასპექტს შეუძლია საომარი ვითარებების გამწვავებაც და ხანძრების გამოწვევაც. ინდივიდუალურ დონეზე კი შეიძლება იმუშაოს, როგორც დამწვრობის მიღების გაზრდილმა რისკმა.

სავსემთვარეობის წერტილი ასევე შეერთებაში მოდის მერკურისთან და ვენერასთანაც. ერთი შეხედვით, ეს თითქოს იძლევა ომის თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შანსებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერკური ჯერ ისევ უკუსვლითია, რომც შედგეს გარკვეული მოლაპარაკება , ოქტომბერ-ნოემბრის თვეში რაღაც პუნქტების შესრულებაზე ან უარს იტყვის რომელიმე მხარე, ან საერთოდ ჩავარდება მოლაპარაკების მცდელობა.

იგივე შეიძლება ითქვას პირადი კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებითაც. გამონაკლისი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მერკურიც უკუსვლითია, ან უკვე გქონდათ დარეგულირების მცდელობა წარსულშიც და ახლა განმეორებით მიუბრუნდით ამ საკითხს.

კომუნიკაცია, საბუთები, მოლაპარაკებები, დოკუმენტებზე ხელის მოწერა და ასე შემდეგ- მერკურიანული საკითხები, სასურველია 2 ოქტომბრიდან წამოვიწყოთ. იქამდე კი დრო გვაქვს ამ თემების გონებაში დალაგებისათვის, ანალიზისა და განსჯისათვის. უშუალოდ ახალმთვარეობის დღე მშვენიერი პერიოდია ახლობელ ადამიანებთან შეხვედრისა და მშვიდი, მსუბუქი საუბრებისათვის.

საქართველოს ბოლო რუკაზე ეს ახალმთვარეობა მე-6 სახლში ხვდება, რომელიც ჯანმრთელობის სახლად ითვლება. ამიტომ ურიგო არ იქნება თუ ამ მიმართულებით მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ მიმდინარე 2-კვირიან პერიოდში. არაა გამორიცხული ზოგიერთ ორგანიზაციაში მცირე გაფიცვების მომსწრენიც გავხდეთ და ასევე სავარაუდოდ პოლიციის გაზრდილი აქტიურობაც( ვთქვათ რეიდები) შესამჩნევი იქნება მთვარის მომდევნო ფაზამდე. თუმცა რადგან ჩვენი ქვეყნის რუკაზე ახალმთვარეობას დაძაბული ასპექტები არ აქვს, ეს ყველაფერი შედარებით მშვიდად და წყნარად ჩაივლის...“, - წერს ასტროლოგი.