„ახალი წელი ზამთრის ზეიმია, რაც უფრო ახლოს იქნება ნაძვის ხის მორთვის თარიღი, მით უკეთესი“ - ასტროლოგი

ხათუნა ნოელი

წელს განსაკუთრებით ბევრი განხილვაა ნაძვის ხესთან და მის მორთვასთან დაკავშირებით. რატომღაც, ზოგიერთი ამას ასტროლოგიურ მნიშვნელობასაც ანიჭებს. 

ხათუნა ნოელი განმარტავს, რომ ამას ასტროლოგიასთან არანაირი კავშირი აქვს, თუმცა, სიმბოლურად რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს.

„რატომღაც წელს ბევრი ადამიანი მეკითხება, როდის უნდა დაიდგას ნაძვის ხე ან რომელ კუთხეში, რომ ბედნიერება მოიტანოს. მინდა გითხრათ, ძვირფასებო, ასტროლოგიასთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს! რა კუთხეში რა დავდგათ, ეს ფენგ-შუია. თუმცა, მისი ტრადიციის მიხედვით, ნაძვის ხე კი არა, არამედ მანდარინის ხე იდგმება!

რაც შეეხება იმას, თუ ნაძვის ხის დასადგმელად თუ მოსართავად რომელი დღე სჯობს, ამას მართლა სულ არ სჭირდება ასტროლოგია. ელემენტარული ლოგიკის ჩართვითაც უნდა გასაგები იყოს, რომ რადგან ნაძვის ხეს საახალწლოდ ვდგამთ, ხოლო ახალი წელი 1-ელ იანვარს შემოდის ჩვენთან, სწორედ ამ თარიღთან ახლოს უნდა დაიდგას და არა ნოემბრის თვეში ან დეკემბრის დასაწყისში.

თუ მაინცდამაინც ასტროლოგია გინდათ გამოახვიოთ, აქაც ლოგიკა არ გვაწყენდა, და იმის გააზრება, რომ ახალი წელი ზამთრის ზეიმია, ხოლო ასტროლოგიური ზამთარი 21 დეკემბერს, ზამთრის ბუნიობის დღეს დგება.

ჰოდა, 21-ის მერე ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ და რაც უფრო ახლოს იქნება თვითონ ახალ წელთან ეს თარიღი, მით უკეთესი.

ეს მათთვის, ვისაც ზამთართან აქვს ახალი წლის „მიბმა“ კათოლიკეები 25 დეკემბერს, ანუ შობას უკავშირებენ და მაშინ იწყებენ საამისოდ სამზადისს. გნებავთ, მაშინ დადგით, რა პრობლემაა.

ისე, ერთმა ჩემმა მეგობარმა შუა ზაფხულში დადგა, მე ახლა მეხალისებაო. და იყო ბედნიერი... არც ამით დაქცეულა ქვეყანა.

მე, პირადად, 31-ში ვდგამ ხოლმე იქ, სადაც ადგილი მაქვს და საიდანაც უკეთ გამოჩნდება მორთულ-მოკაზმული.

აი, ვინმემ რომ გითხრათ, გინდა თუ არა ბინის ამა და ამ სექტორში უნდა იდგესო, და იქ ვთქვათ, აბაზანა გაქვთ, რას იზამთ??? ხოდა, დადგით, სადაც ყველაზე მეტად მოიხდენს და მაშინ, როდესაც ამისათვის საუკეთესო განწყობა გექნებათ!!  მთავარი ხომ ის არის, რომ ამ რიტუალმა ბედნიერება და სიხარული მოგვიტანოს....“ - წერს ასტროლოგი.