რევოლუციური და არჩეული საქართველო

11:40 12-17-2018
78

. პირველი ქალი პრეზიდენტი, პირველად ექვსი წლით არჩეული და ბოლო პირდაპირი წესით არჩეული, სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს პრეზიდენტია. და უკვე ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქციაც.

გარდა ამისა, ეს იყო პირველი ინაუგურაცია, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმაც, ამ შემთხვევაში მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

თუმცა, სიმბოლოებისა და ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკურ ქუჩაზე ისევ რევოლუციური განწყობებია.

შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციამ ჩაიარა შედარებით მშვიდად. მართალია, ქუჩაში ოპოზიცია არ იდგა, მაგრამ ატმოსფერო იყო დაძაბული. ისტორიული მომენტების გააზრება და სათანადოდ შეფასება-დაფასების პრობლემა ჯერ ისევ არსებობს.

ვერტიკალზე ინაუგურაცია და ქუჩაში რევოლუცია ეს თითქოს ქართული ინაუგურაციის ფორმულადაც კი იქცა. ყველა პრეზიდენტს დაუძინებელი მტერი ჰყავდა. გამონაკლისი, როგორც ჩანს, არც სალომე იქნება.

როცა ის თავის საპრეზიდენტო სიტყვაში საზოგადოების გაერთიანებასა და თანხმობაზე საუბრობდა, ერთ დროს ევროპული, პროდასავლური ღირებულებებით ცნობილი და თანამედროვე პოლიტიკის გამტარებელი მმართველი ძალა ქუჩაში სეპარატისტული ხასიათის აქციებს მართავდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ინაუგურაციის ჩაშლას ცდილობდა.

ამ ფონზე თითქმის შეუძლებელიც კი ჩანს საზოგადოებაში თანხმობის მიღწევა, რაც სალომეს გამოსვლაში ისმოდა:

„ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის  დამკვიდრება – ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.

ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი.

მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა.

მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში. მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დამიჭირა და ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა.

პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, რომ სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც ჩემი პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით.

თუმცა დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო“.

ამის პარალელურად ოპოზიცია აცხადებდა, რომ ის მაინც დაამხობს ხელისუფლებას კანონიერი გზით. როგორც ჩანს, ეს რაღაც ახალი სიტყვათშეთანხმებაა ქართულ დემოკრატიაში. კანონიერი გზით დამხობის დეფინიცია ოპოზიციას ჯერ არ შემოუთავაზებია. თუმცა, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის კონკურენტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო, ხელისუფლებას სწორედ დამხობას დაჰპირდა:

„გადაადგილების თავისუფლება მოგვპარეს, მერე ხმის ამოღების უფლებას მოგვპარავენ, მავთულხლართებს შემოავლებენ ჩვენს სახლებსა და ბინებს, რომ გარეთ არ გამოვიდეთ. გომბორზე არ გადახვიდეთო, არ გადავედით, 40 კილომეტრი სისწრაფით მოვდიოდით. მოიყვანეს ვიღაცა ბანდერლოგი კუპატაძე, მაგას პოლიციელის ფორმა როგორ შეიძლება ეცვას და რაღაც ზღაპარს მიყვება ეს ლაწირაკი. გრემთან გადაკეტილია გზა ზუსტად ასევე. ეს ლაწირაკი... ვის იცავენ, რას იცავენ. საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ თელავს? გამაგებინეთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? საფრანგეთში, პარიზში ძალიან არ მოსწონთ ყვითელი ჟილეტების დემონსტრაციები, მაგრამ თავში არავის მოსვლია ქუჩების გადაკეტვა და ტრასების გადაკეტვა, როცა ხალხი პარიზში მიდის. არ ვიცი, მოვასწრებთ თუ არა თელავამდე ფეხით ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ დავამხობთ, კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ“.

ამდენად, სალომე ზურაბიშვილს მძიმე მისია ელის. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ის განწყობილია, პოზიტიური ნაბიჯები გადადგას. მან უკლებლივ ყველა, თავისი მძაფრი კრიტიკოსებიც კი მიიწვია ინაუგურაციაზე, თუმცა, საქართველოში, სადაც პოლიტიკური კულტურა ძალიან დაბალია, თუ არის საერთოდ, ასეთ პოლიტიკურ ჟესტს სისუსტის სიგნალად უფრო იღებენ, ვიდრე პოლიტიკურ აქტად.

თანხმობისკენ მიმართული კიდევ ერთი სიგნალი მის გამოსვლაში წინამორბედი პრეზიდენტების პოზიტიური როლის ხაზგასმაც იყო, რამაც დაყოფილი საზოგადოებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა, რამდენად შეძლებს ის ევროპული სტილით პოლარიზაციის გარღვევას, ვნახოთ.

მანამდე კი, როგორ აფასებს ახალი პრეზიდენტი წინამორბედი პრეზიდენტების როლს:

„უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა“.

რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, ის არც პომპეზური იყო და არც მხოლოდ სადა. ალბათ, უფრო კლასიკურ სტილში გახლდათ გადაწყვეტილი. უფრო ზუსტად, ეს იყო ტრადიციულის ევროპულ ელემენტებთან შეხამებული ღონისძიება.

თავად მეხუთე პრეზიდენტი კი ქართული დროშის ფერებში იყო ჩაცმული.