შპს ,,სიტროენ ჯორჯია" ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებს სახელმწიფოსთან კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს - ,,ბიუჯეტი მილიონობით ლარს კარგავს"

16:33 12-12-2017
277

შპს სიტროენ ჯორჯიამ სსიპ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა შპს კია მოტორს ჯორჯიას, სს ფრანს ავტოს, შპს იბერია ავტოს, შპს ჯი-თი მოტორსის, შპს სტრადა მოტორსის, სს ჰიუნდაი ავტო საქართველოს წინააღმდეგ.

ამ კომპანიებს შორის, რომელსაც სიტროენი კონკურენციის სააგენტოში უჩივის სამი: შპს კია მოტორს ჯორჯიას, სს ფრანს ავტოს, შპს იბერია ავტოს მფლობელი სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშილია.

როგორც შპს სიტროენ ჯორჯიას ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა, არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ზემოაღნიშნული კომპანიების კარტელურ შეთანხმებას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის განაწილების და ფასების ფიქსირების მიზნით.

,,ბოლო ორი წლის განმავლობაში 127 ტენდერიდან, რომელიც ოფიციალურად გამოცხადდა მსუბუქ და მარშუტკის ტიპის  მანქანებზე, 57 ტენდერში არ ყოფილა კონკურენცია. ფაქტობრივად, ამ ექვსი კომპანიიდან ერთ-ერთი შედიოდა გამოცხადებული ფასით და ეს კომპანია ამ ტენდერს იგებდა. ციფრობრივად სხვა მოცემულობაა. გამოდის რომ 21 მილიონი ტენდერი არის კონკურენციის გარეშე, საბიუჯეტო  ფასით არის ჩატარებული და მხოლოდ 8 მილიონამდე ლარის ტენდერებში არის კონკურენცია ამ კომპანიებს შორის. როცა სიტროენი გამოჩნდა ბაზარზე, მისი შეთავაზებული თანხა იყო 20%-ით დაბალი საბიუჯეტო ფასზე. მან მოიგო არაერთი ტენდერი, თუმცა ამ კომპანიების მხრიდან დაიწყო უსაფუძვლო საჩივრები, მისი დისკვალიფიკაციის მოთხოვნით და ბრძოლა სიტროენ საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი კორძახიას თქმით, სახეზეა შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან მათი მხარდაჭერა აღნიშნულ უკანონო ქმედებებში, რომელიც გამორიცხავს ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს ბიუჯეტს.

,,იმედი გვაქვს კონკურენციის სააგენტო გამოიძიებს, შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს, გამოიკვლევს მტკიცებულებებს და დაადგენს კარტერის არსებობას ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, რის გამოც ბიუჯეტს მიადგა არაერთი მილიონი ლარის ზარალი. ეს კომპანიები ცდილობენ სიტროენ საქართველო განდევნპ0ნ ბაზრიდან. აქ მხოლოდ საქმე არ ეხება სიტროენს, ამ კარტელური გარიგებით ზარალდება სახელმწიფოს ბიუჯეტი და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, რადგან ამ გარიგებით ბიუჯეტი კარგავს მილიონობით ლარს“, - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

ადვოკატები მხოლოდ ერთ სახელს ასახელებენ. ირაკლი კორძახიას განმარტებით: ,, აღნიშნული აიხსნება მხოლოდ ხეჩიკაშვილის მფლობელობაში არსებული სამი კომპანიის, ასევე ჰიუნდაის, ჯი-თი მოტორსის და სტრადა მოტორსის კარტელური გარიგებით. მათ ფაქტობრივად წინასწარ აქვთ ერთმანეთთან შეთანხმებული, თუ ვინ რომელ ტენდერტში მიიღოს მონაწილეობა, ვინ უნდა გაიმარჯვოს და რა ფასით, ურთიერთშეთანხებული ეკონომიკური აგენტები ყველანარად ცდილობენ, არ დაუშვან ტენდერში ახალი კომპანია, რომელიც მათ გაუწევს კონკურენციას“.

საჩივრის ავტორების ცნობით, სააგენტოებისთვის წარდგენილ საჩივარში დეტალურად არის აღწერილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც ადასტურებს შპს სიტროენ ჯორჯიას მოსაზრებას.

 



ავტორი: სალომე ჩადუნელი