ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში - ეჭვმიტანილთა უკან ახმედ ჩატაევი დგას?

13:13 11-22-2017
598

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე უკვე რამდენიმე საათია ანტიტერორისტული ოპერცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს ჩეჩნური წარმოშობის ოჯახი ცხოვრობს.

ექსპერტი მამუკა არეშიძე კი დარწმუნებულია, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილების უკან ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური ახმედ ჩატაევი დგას.

„ეს ადამიანები პირდაპირ კავშირში იქნებიან ახმედ ჩატაევთან, რომელიც გახლდათ ისლამური ხალიფატის იდეოლოგიური სამსხაურის უფროსი. ის აწარმოებდა იდეოლოგიურ მომზადებას ერთგული ადამიანების, არამხოლოდ სირიაში და ერაყში, არამედ ვინც წარმოშობის ადგილებზე რჩებოდნენ.

ხალიფატის სხვადასხვა ტიპის საიტების მუშაობას და სოციალურ ქსელებში აქტივობებს სწორედ ჩატაევი ედგა სათავეში. აქედან გამომდინარე, ამ მოვლენებს აუცილებლად ექნება კავშირი ახმედ ჩატაევთან. კავკასია მისი სამშობლოა, საკმაოდ ბევრს იცნობს და შესაბამისად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მამუკა არეშიძე.

როგორც ცნობილია ახმედ ჩატაევმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მიმართ ორი წლის წინ მუქარის შემცველი აუდიო-ჩანაწერი გამოგზავნა.  ეს ინფორმაცია ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 2015 წელს დაკავებულ სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.