VIDEO: „ლურჯი მოჩვენება“ მთვარეზე დაეშვა! - ნახეთ კერძო აპარატის მიერ გადაღებული სურათები

ლურჯი მოჩვენება

2 მარტს მთვარის ზედაპირზე კერძო აპარატი დაეშვა, რომელსაც Blue Ghost, ანუ "ლურჯი მოჩვენება", ეწოდება. ის კომპანია Firefly Aerospace-ს ეკუთვნის და მხოლოდ მეორე ასეთი კერძო მოდულია, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე წარმატებით განათავსეს.

აპარატი მთვარეზე არსებულ ვულკანურ წარმონაქმნ Mons Latreille-ის მიმდებარედ დაჯდა, რომელიც 3 მილიარდზე მეტი წლის წინაა ფორმირებული. "უკვე მთვარეზე ვართ", — საზეიმოდ განაცხადა ნიკი ფოქსმა, NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის წარმომადგენელმა.

ასევე, პროგრამის ხელმძღვანელმა, რეი ალენსვორტმა აღნიშნა, რომ დაშვება უზუსტესი იყო, რადგან "ლურჯი მოჩვენება" სამიზნე არეალის 100 მეტრის რადიუსში დაჯდა. გზად აპარატმა საფრთხის ასარიდებლად ორი სპეციალური მანევრიც განახორციელა, რაც ცხადყოფს, რომ სისტემა გამართულად მუშაობს.

Blue Ghost-ის მისია NASA-ს პროგრამა CLPS-ის ნაწილია. მან თან აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს 10 ხელსაწყოც გაიყოლა, რომლებიც მთვარის გარემოს უკეთ შესასწავლადაა შექმნილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA არტემისის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად ემზადება.