1746008707
უცნაურმა გალაქტიკამ, რომელსაც შავი მატერია არ აქვს, ასტრონომებს მოსვენება დააკარგვინა

მეცნიერებმა კიდევ ერთ გალაქტიკას მიაგნეს, რომელსაც შავი მატერია არ გააჩნია. მეცნიერებისთვის შავი მატერიის გარეშე გალაქტიკის აღმოჩენა იგივეა, რაც ჩრდილის დანახვა ობიექტის გარეშე. ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენიმე მსგავსი აღმოჩენა გაკეთდა. ინფორმაციას LiveScience-ი აქვეყნებს.
ყველა მათგანი ე.წ. ულტრადიფუზური გალაქტიკებია. შავი მატერია უხილავია, მაგრამ ასტრონომები ხვდებიან მის არსებობას იმაზე დაყრდნობით, თუ როგორ იქცევა ხილული მატერია სამყაროში. ის მატერიალური სამყაროს უდიდეს ნაწილს შეადგენს.
ამ ამოუცნობი და უცნაური „კოლექციის“ ბოლო წევრი გალაქტიკა FCC 224-ია. იგი დედამიწიდან 65 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
კვლევებმა აჩვენეს, რომ გალაქტიკას არ აქვს ძლიერი გრავიტაციული მიზიდულობა, რაც შავი მატერიისთვისაა დამახასიათებელი. მეცნიერებს FCC 224-ის თვისებების ახსნა ამ დროისთვის არ შეუძლიათ, თუმცა კვლევები გრძელდება.
მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ FCC 224 ისევე, როგორც ჯუჯა გალაქტიკები, აირებით სავსე გალაქტიკების შეჯახების შედეგად წარმოიქმნენ. ამ შემთხვევაში აირი შავ მატერიას გამოეყოფა და გამოფრქვეულ აირში ვარსკვლავთწარმოქმნა ერთ ან რამდენიმე მსგავს გალაქტიკას ქმნის. თუმცა, ამ იდეის გასამყარებლად ჯერ კიდევ დიდი კვლევაა ჩასატარებელი.