უნიკალური ოპერაციის დეტალები - ექიმებმა პაციენტს ტვინზე ოპერაციის დროს ფარშირებული ზეთის ხილი მოამზადებინეს (იტალია)

ოპერაცია

იტალიელმა ნეიროქირურგებმა პაციენტს ოპერაციის დროს ფარშირებული ზეთის ხილის მომზადება სთხოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რთული ოპერაციების ჩატარებისას ექიმები პაციენტს ხშირად აძლევენ მსგავს დავალებას, რათა ტვინის მუშაობის პროცესს დააკვირდნენ და ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანებისგან თავი მაქსიმალურად დაიზღვიონ.

ხშირია შემთხვევები, როცა ასეთი პროცედურების დროს ადამიანები ვიოლინოზე ან გიტარაზე უკრავენ. თუმცა ამ შემთხვევაში 60 წლის იტალიელმა ქალმა, რომელსაც სიმსივნე ამოკვეთეს, კულინარული ტესტი ამჯობინა.

1 საათის განმავლობაში პაციენტმა 90 ზეთის ხილი იტალიური რეცეპტით მოამზადა, რომელიც მათი ხორცით ფარშირების, შემდეგ ფქვილში, კვერცხსა და საფანელში ამოვლებას ითვალისწინებს. შემდეგ კი ზეთის ხილი ტაფაზე, ზეთში იწვება.

ოპერაცია 2.5 საათს გაგრძელდა და ექიმების თქმით, წარმატებულად ჩაიარა.