შეიმუშავეს დიეტა, რომელიც ტვინის სიმსივნის უჯრედების თვითგანადგურებას უწყობს ხელს

დიეტა

გლიობლასტომა ზრდასრულებში ტვინის ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლასა და კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახლახან საზოგადოებას ამ დაავადების მკურნალობის პოტენციური მეთოდი გააცნეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მათ გლიობლასტომასთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროცესები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ის მგრძნობიარეა ფეროპტოზის მიმართ, რომელიც უჯრედის სიკვდილის ერთ-ერთი ტიპია. თვითგანადგურების ამ მექანიზმის შესახებ ახლახან გავიგეთ, ამიტომ მასზე ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით.

მსგავსი რამ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების ნაწილია და მას აპოპტოზი ეწოდება. ამის მიუხედავად, ჩვენი სხეული სიმსივნეში ამგვარ პროცესებს ბლოკავს, ამიტომ მავნე უჯრედების განადგურება ძნელია. სწორედ აქ შემოდის ფეროპტოზი, რომლის მიღწევითაც კიბოსთან შეწინააღმდეგება შესაძლებელია.

ამისთვის სპეციალისტები პაციენტების რაციონიდან კონკრეტული ამინომჟავების ამოღებას გვთავაზობენ, რათა სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურებას შევუწყოთ ხელი. მათ შორისაა ცისტეინი და მეთიონინი, რომლებსაც საკვებიდან ვიღებთ.

„დავადგინეთ, რომ ცხოველთა მოდელებიდან კონკრეტული ამინომჟავების ამოღებით გლიობლასტომის უჯრედების ფეროპტოზით სიკვდილის შანსი იზრდება. მეორე მხრივ, ეს პრეპარატებს ფეროპტოზის პროვოცირებაში უფრო ეფექტიანს ხდის", - აცხადებენ ავტორები.

მათმა კვლევამ ცხადყო, რომ გლიობლასტომის უჯრედები შესაძლოა, ფეროპტოზის პროცესის წყალობით განადგურდეს. ასევე, გაირკვა, რომ სათანადო დიეტის შემდეგ ქიმიოთერაპიული პრეპარატების უფრო ნაკლები დოზების გამოყენება გახდა საჭირო.

მეცნიერები მომდევნო ეტაპზე ამ მეთოდის ადამიანებზე გამოცდას გეგმავენ, კერძოდ, ოპერაციის წინ. ამგვარად, პროცედურის შემდეგ ნათელი გახდება, როგორ იმოქმედა მსგავსმა დიეტამ სიმსივნეზე.