საფრანგეთში არქიმედეს ტრაქტატის უძველესი ასლი აღმოაჩინეს

არქიმედეს ტრაქტატის უძველესი ასლი

საფრანგეთის ქალაქ ბლუას მუზეუმში, ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი მათემატიკოსის, ბერძენი მეცნიერის - არქიმედეს ტრაქტატის „სფეროსა და ცილინდრის შესახებ“ უძველესი ასლი აღმოაჩინეს. ეს ნაშრომი არქიმედემ ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში დაწერა. X საუკუნეში საფრანგეთში შესრულებული ეს ასლი მანამდე დაკარგულად ითვლებოდა.

ხელნაწერი, უფრო ზუსტად კი მისი მცირე ფრაგმენტი, წარმოადგენს პერგამენტის ფურცელს რთული გეომეტრიული გამოთვლებითა და ფიგურებით.

ასლის შექმნიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ტრაქტატის ტექსტი მის უკანა გვერდზე წაშალეს. ერთ-ერთი ფრანგული მონასტრის ბერმა განტოლებების თავზე მინიატიურა დახატა, რომელზეც ბიბლიური სცენაა გამოსახული - წინასწარმეტყველ დანიელის სასწაულებრივი გადარჩენა მშიერი ლომებისგან.

მუზეუმში განმარტავენ, რომ შუა საუკუნეებში პერგამენტი ძალიან ძვირადღირებული მასალა იყო. ის ცხოველის ტყავისგან მზადდება, ამიტომ ბერები ორიგინალ ტექსტებს შლიდნენ, რათა პერგამენტი ხელმეორედ გამოეყენებინათ სალოცავი წიგნების დასამზადებლად.

რესტავრატორები იმედოვნებენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ​მინიატიურის ქვეშ დამალული არქიმედეს ტრაქტატის ტექსტის წაკითხვა შესაძლებელი გახდება.