სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

პოლიციის სირენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: „ჰეროინი", „მეთადონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მცენარე კანაფი“, ნედლი და გამომშრალი "მარიხუანა". პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.