როგორ აგვარებენ ჭუჭყიანი სარეცხის პრობლემას კოსმოსურ სადგურზე - უჩვეულო გამოსავალი

კოსმოსი

2000 წლის ნოემბრიდან საერთაშორისო კოსმოსური სადგური უწყვეტი ექსპლუატაციის რეჟიმში იმყოფება. ამ დროის განმავლობაში სადგურს ეწვია 280-ზე მეტი ასტრონავტი, ოცზე მეტი ქვეყნიდან, და თითოეული მათგანი ერთი და იმავე პრაქტიკული პრობლემის წინაშე დგებოდა, მათი ტანსაცმელი ისვრებოდა.

Space Daily-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სწორედ ეს ვითარებაა ახსნილი, თუ რას შვრებიან ასტრონავტები სადგურზე ჭუჭყიან ტანსაცმელთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ იქ სარეცხი მანქანა არ არის. 

სტატიის თანახმად, NASA-მ და „როსკოსმოსმა“ მოიფიქრეს შემდეგი გამოსავალი, რომელიც საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, ტანსაცმელს ათავსებენ სატვირთო კაფსულაში, რის შემდეგაც ის დედამიწაზე დაბრუნებისას იწვის.

სტატიაში განმარტებულია, რომ კოსმოსურ სადგურზე სარეცხი მანქანა წყლის გამო არ არის. ხომალდის ბორტზე წყლის თითოეული წვეთი ძვირფასი რესურსია, რომლის დედამიწიდან მიწოდებაც ლიტრზე დაახლოებით 10 000 დოლარის ხარჯებთან არის დაკავშირებული, ან წყალი ეკიპაჟის წევრების შარდისგან, ოფლისგან და ამონასუნთქი ჰაერისგან უნდა იქნეს ამოღებული და გადამუშავებული გაწმენდის სისტემით, რომელიც ფონურ რეჟიმში უწყვეტად მუშაობს.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური მის შიგნით წარმოქმნილი წყლის დაახლოებით 90%-ს გადაამუშავებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დედამიწაზე არსებული ნებისმიერი სამრეწველო გადამუშავების სისტემის მაჩვენებლებს. თუმცა, გადამუშავების ასეთი ხარისხის პირობებშიც კი, სადგურის წყლის საჭიროებებისთვის სარეცხი მანქანის დამატება ერთ ციკლში იმხელა დამატებითი წყლის მოხმარებას გამოიწვევდა, რაც რადიკალურად შეცვლიდა მომარაგების ეკონომიკას.

სტატიის თანახმად, ყველა ასტრონავტს ნივთები აცვია ზუსტად იმ დროით, რამდენიც გონივრულობის ფარგლებშია შესაძლებელი. მაგალითად, სპორტული ტანსაცმელი დაახლოებით ორ კვირას ძლებს, რადგან თითოეულ ასტრონავტს ყოველდღიურად ესაჭიროება სულ მცირე ერთი საათი ფიზიკური ვარჯიშის შესრულება, რათა მიკროგრავიტაციის პირობებში ძვლოვანი და კუნთოვანი მასის დაკარგვა აიცილოს თავიდან.

თეთრეულის შეცვლის სიხშირე ეკიპაჟის თითოეულ წევრზეა დამოკიდებული. ქსოვილში ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებული არაფერია.

როგორც კი ტანსაცმელი თავისი ექსპლუატაციის ვადის ბოლოს აღწევს, ის სადგურის ნარჩენების უტილიზაციის სისტემაში ხვდება შეფუთვასთან, საკვების ნარჩენებთან, ვადაგასულ აღჭურვილობასა და ჩვეულებრივ ნაგავთან ერთად. ნარჩენები იფუთება ტომრებში, ილუქება წებოვანი ლენტით (სკოჩით) და ინახება იმ სატვირთო ხომალდში, რომელიც იმ მომენტში მიბმულია სადგურზე.

როგორც წესი, სატვირთო ხომალდები ერთჯერადია, ანუ ისინი დედამიწიდან მიდიან ტვირთით სავსე, ხოლო სადგურზე, ივსებიან ნაგვით, ეხსნებიან სადგურს, შემდეგ კი განზრახ ჩამოჰყავთ ორბიტიდან წყნარი ოკეანის თავზე, სადაც ატმოსფეროს ზედა ფენებში ვარდნისას იწვიან. კომპანია SpaceX-ის კაფსულა „Dragon“ გამონაკლისია. ის მრავალჯერადია და დედამიწას უვნებლად უბრუნდება პარაშუტის მეშვეობით, წყნარ ოკეანეში დაშვებით.