მეცნიერებმა კარიბის ზღვაში ორი აქამდე უცნობი ნიანგის სახეობა აღმოაჩინეს

უცნობი ნიანგის სახეობა

მეცნიერებმა კარიბის ზღვაში ორი აქამდე უცნობი ნიანგის სახეობა აღმოაჩინეს. ჩატარებულმა დნმ-ის ანალიზმა ცხადყო, რომ ნიანგის ეს სახეობები კარიბის ზღვის იზოლირებულ კუნძულებზე - კოსუმელიზე და ბანკო ჩინჩოროზე ბინადრობენ.

მეცნიერების თქმით, აქამდე უცნობი ნიანგების ჯიში გადაშენების პირას არის. ახალი სახეობებისთვის მეცნიერებს სახელი ჯერ არ შეურჩევიათ. სპეციალისტები ახლა მათი გენეტიკის შესწავლით არიან დაკავებულნი.

„მიღებული მონაცემები მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენთვის“, - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ხოსე ავილა-სერვანტესმა.

ძირითადი განსხვავება ამ ორ ახალ სახეობას შორის თავის ქალის ფორმასა და სიგრძეშია. მაგალითად, ბანკო ჩინჩოროზე მობინადრე ნიანგებს უფრო გრძელი და ფართო თავი აქვთ, ვიდრე კოსუმელის ნიანგებს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია მათი გადარჩენისთვის. ურბანიზაციის, ტურიზმისა და დაბინძურებული გარემოს გამო სხვადასხვა ცხოველთა თუ ქვეწარმავალთა სახეობები, შეიძლება ისე გადაშენდნენ, რომ ადამიანებმა მათი არსებობის შესახებ ცნობების მოპოვება ვერც კი მოასწრონ.

„ახლა, როდესაც ჩვენ ვაღიარეთ ეს ნიანგები, როგორც ცალკე სახეობები, უკიდურესად მნიშვნელოვანია დავიცვათ მათი ბუნებრივი არსებობის გარემო“, - განაცხადა პროფესორმა ჰანს ლარსონმა.