მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომ სწავლობს ზოგიერთ ადამიანი მათემატიკას ადვილად, ზოგიერთი კი რთულად

მათემატიკა

მათემატიკური ამოცანების გადაჭრის უნარი მხოლოდ ფორმულების და წესების ცოდნაზე არ არის დამოკიდებული. დიდ როლს თამაშობს ენობრივი უნარები, ლექსიკური მარაგი, ლოგიკური აზროვნება და რიცხვებს შორის ურთიერთკავშირის გააზრება. ამ დასკვნამდე მივიდნენ ტეხასის A&M უნივერსიტეტის მკვლევრები, რომლებმაც შეისწავლეს კავშირი კოგნიტურ უნარებსა და მათემატიკურ შესაძლებლობებს შორის.

როგორც გამოცემა Phys.org წერს, მეცნიერებმა გააანალიზეს 122 სხვადასხვა ტესტების კომპლექსის შედეგები, რათა გაერკვიათ, რომელი გონებრივი უნარებია ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული მათემატიკაში მიღწევებთან.

კვლევა მოიცავდა მათემატიკური უნარების სხვადასხვა ასპექტს, კერძოდ, საგნის ცოდნას, გამოთვლებს, ამოცანების ამოხსნასა და შესრულების სიჩქარეს. უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს შორის ავტორებმა გამოყვეს ენის გააზრება და მოქნილი აზროვნების უნარი. პედაგოგიური ფსიქოლოგიის დოცენტის, დენიელ გაიოვსკის თქმით, ენის გააზრება გულისხმობს არა მხოლოდ სიტყვების ცოდნას, არამედ ინფორმაციასთან მუშაობის, არსებული ცოდნის გამოყენებისა და დასკვნების გამოტანის უნარს. ეს უნარები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კითხვისა და წერისთვის, არამედ მათემატიკის ასათვისებლადაც.

„ეს მნიშვნელოვანია კითხვისთვის, მნიშვნელოვანია წერისთვის და ახლა ვხედავთ, რომ ის მნიშვნელოვანია მათემატიკისთვისაც“, – ხაზგასმით აღნიშნა მკვლევარმა.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ეგრეთ წოდებული მოქნილი აზროვნება – დედუქციური და ინდუქციური დასკვნების გამოტანის უნარი მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ აქვს წინა გამოცდილება ან მზა წესები. გაიოვსკი განმარტავს, რომ ეს უნარი ეხმარება ადამიანს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეორეხარისხოვანისგან გამოყოფასა და უცნობ სიტუაციებში გადაწყვეტილებების პოვნაში. ამავდროულად, მხოლოდ კოგნიტური უნარები არ არის საკმარისი. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, არანაკლებ მნიშვნელოვანია რიცხვების საბაზისო გააზრება: იმის შეცნობა, თუ როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და როგორ მუშაობს მათემატიკური კანონზომიერებები.

მკვლევარმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უნარები დროთა განმავლობაში, პრაქტიკისა და სწავლების წყალობით ვითარდება. ვინაიდან მათემატიკაში ახალი თემები წინა ცოდნას ეფუძნება, სირთულეების მქონე მოსწავლეებისათვის დროული დახმარების აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მეცნიერთა აზრით, მასწავლებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ არა მხოლოდ ნიშნებს, არამედ მოსწავლეების ტიპურ შეცდომებსაც. ასეთი შეცდომების ანალიზი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, უკავშირდება თუ არა პრობლემები ცნებების გაუგებრობას, ენობრივ სირთულეებს, სუსტ ლოგიკურ აზროვნებას თუ დავალებების შესრულების არასაკმარის სიჩქარეს. ეს საშუალებას მისცემს მათ, სწავლება თითოეული ბავშვის საჭიროებებს უფრო ზუსტად მოარგონ.

✕