კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის ქართულად მოლაპარაკე ხელოვნური ინტელექტი "კაი" შექმნა

კაი

ეს არის "კაი" - ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ შექმნა და სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოჩნდა. ის მოქალაქეებს  AI-ის შესაძლებლობებს და უპირატესობებს აცნობს. "კაის" ფუნქციაა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მედიაწიგნიერების საკითხებზე.

ინიციატივა კომუნიკაციების კომისიას ეკუთვნის - ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ კომისიის ორგანიზებით, საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული უკვე მეხუთედ იმართება. კონკურსი სტუდენტებისთვის, მედიაწიგნიერების ოლიმპიადა სკოლებისთვის, ჰაკათონი სტარტაპერებისთვის და მედიაწიგნიერების დღე სკოლებში - ყველა ეს აქტივობა წლევანდელი კვირეულის ფარგლებში ტარდება.

"გონება და ხელოვნური ინტელექტი" - ეს წლევანდელი კვირეულის ერთ-ერთი მთავარი თემაა, სადაც ასევე განიხილავენ მედია წიგნიერების მნიშვნელობას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და სავარაუდო საფრთხეებს.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული, ტრადიციულად, ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს იმართება. ღონისძიებების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება, კრიტიკული აზროვნების და შინაარსის სწორად გააზრების ხელშეწყობაა. ღონისძიება 31 ოქტომბერს დაიხურება.