GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1770223656
კიბოს იმუნოთერაპიის დღის დასაწყისში ჩატარება ნამდვილად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას — ამის შესახებ იუწყება პირველი რანდომიზებული, კონტროლირებადი ცდა, რომელშიც შეისწავლეს, როგორ მოქმედებს პაციენტის შედეგებზე ასეთი ინტერვენციების დრო.
ჩვენი სხეულის უჯრედები და ქსოვილები მიჰყვებიან აქტივობის 24-საათიან ციკლს, რომელსაც ცირკადული რიტმი ეწოდება; ეს რიტმი გავლენას ახდენს ყველაფერზე, განწყობიდან დაწყებული, მეტაბოლიზმითა და იმუნური სისტემით დამთავრებული.
ათზე მეტი დაკვირვებითი კვლევა მიუთითებდა, რომ კიბოთი დაავადებული პაციენტები, რომლებიც საკონტროლო პუნქტის ინჰიბოტორებს (იმუნოთერაპიული პრეპარატის სახე, რომელიც გარკვეულ იმუნურ უჯრედებს კიბოს განადგურებაში ეხმარება) დღის დასაწყისში იღებენ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად დაბალი აქვთ მდგომარეობის გაუარესებისა და ამის გამო გარდაცვალების რისკი.
მაგრამ ახლახან, პარიზ-სალკეს უნივერსიტეტის მკვლევარმა ფრანსის ლევიმ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს პირველი რანდომიზებულად კონტროლირებადი ცდა ქრონოთერაპიაში (მკურნალობის დროის შერჩევა ცირკადული რიტმების მიხედვით) — კიბოს სამკურნალოდ გამოიყენეს ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიული პრეპარატების კომბინაცია.
ჯგუფმა შეკრიბა არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე 210 ადამიანი, რომლებსაც გაუკეთეს პემბროლიზუმაბის ან სინტილიმაბის ოთხი დოზა და ორი საკონტროლო პუნქტის ინჰიბიტორი, რომელიც იმავე გზით მოქმედებს.
ყოველ სამ კვირაში, პაციენტების ნახევარს დოზას 15:00 საათამდე უკეთებდნენ, მეორე ნახევარს კი დღის ბოლოს. იმუნოთერაპიის თითოეული დოზიდან მალევე, ყველა მათგანმა მიიღო ქიმიოთერაპიაც, რომელიც სწრაფად დაყოფად უჯრედებს ხოცავს და მიჩნეულია, რომ ქრონოთერაპია მასზე უფრო ნაკლებად ზემოქმედებს, ვიდრე იმუნოთერაპიაზე.
ეს დროები შენარჩუნდა მათ ე. წ. იმუნოქიმიოთერაპიის პირველ ოთხ ციკლში. ამის შემდეგ, ყველა ყველა პაციენტმა განაგრძო იმავე პრეპარატების მიღება იქამდე, ვიდრე მათი კიბო გაუარესდა ან იქამდე, ვიდრე მკურნალობაზე აღარ რეაგირებდნენ, მაგრამ უკვე აღარ იღებდნენ კონკრეტულ დროებში. ჯგუფის წევრის, იონგჩანგ ჟანგის თქმით, წინა კვლევები მიუთითებს, რომ პირველ ოთხ ციკლზე ფოკუსირება საკმარისია, რათა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს გადარჩენის შედეგები.
მკვლევრები მონაწილეებს პირველი დოზიდან საშუალოდ 29 თვის განმავლობაში მეთვალყურეობდნენ. ასე დაადგინეს, რომ ისინი, ვისაც საწყის ეტაპზე 15:00 საათამდე მკურნალობდნენ, საშუალოდ 28 თვე იცოცხლეს, ხოლო ვისაც დღის ბოლოს მკურნალობდნენ, საშუალოდ 17 თვეს.
„ეფექტები აბსოლუტურად უზარმაზარია. გადარჩენის დრო თითქმის გაორმაგდა“, — ამბობს ლევი.
ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტის მკლევრის, პასკალ ინომინატოს განცხადებით, თუკი შეადარებთ დიდი ცდების შედეგებს, რომელთა საფუძველზეც ხდება ახალ პრეპარატთა ლიცენზირება, ამ პრეპარატებს იშვიათად აქვთ ამხელა ეფექტი. მისივე თქმით, ამ კვლევის დიზაინი მიუთითებს, რომ კიბოს თერაპიის დროის ცვლილება ნამდვილად აუმჯობესებს შედეგებს და ეს გახლავთ მიზეზობრიობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება.
ასეთი სარგებლის მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ იმუნური უჯრედები, რომლებსაც საკონტროლო პუნქტის ინჰიბიტორები იღებენ მიზანში, ანუ T-ლიმფოციტები, სიმსივნეების გარშემო ძირითადად დილით იყრიან თავს, დღის ბოლოს კი მიმოქცევის სისტემაში ინაცვლებენ; შესაბამისად, როცა იმუნოთერაპია დღის დასაწყისში კეთდება, T-ლიმფოციტები სიმსივნესთან ისედაც ახლოს არიან და მას უფრო მეტად ანადგურებენ.
ლევის განცხადებით, შემდეგმა კვლევებმა უნდა შეისწავლოს, ექნება თუ არა კიდე უფრო მეტი სარგებელი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების უფრო კონკრეტულ დროებში მიღება, ვთქვათ, დილის 11:00 საათზე და არა რამდენიმესაათიან ფანჯარაში. ფართო ფანჯრის ქონა აშკარად უფრო სასურველია გადატვირთული საავადმყოფოებისთვის.
როგორც ლევი აღნიშნავს, ასევე უნდა გაირკვეს, შეიძლება თუ არა კიდევ უფრო დიდი სარგებელი მოიტანოს ქიმიოიმუნოთერაპიის ციკლების დროის კონტროლმა პირველი ოთხი ციკლის შემდეგაც. ოპტიმალური დროები შეიძლება ცვალებადი იყოს ადამიანებს შორისაც.
კიდევ ერთი ღია კითხვაა, იქნება თუ არა ასეთივე შედეგები კიბოს სხვა ტიპების შემთხვევაშიც. ინომინატო ვარაუდობს, რომ შედეგები ასეთივე იქნება სხვა ისეთ სიმსივნეებშიც, რომლებიც ეხება კანს და შარდის ბუშტს, რადგან როგორც წესი, მათაც იმუნოთერაპიით მკურნალობენ. თუმცა, მისივე განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმუნოთერაპიის დრომ გავლენა იქონიოს ისეთ კიბოებზე, რომლებიც როგორც წესი, არ რეაგირებენ ინტერვენციაზე, მაგალითად, პროსტატის და პანკრეასის.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა