ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
პირის ღრუს ჯანმრთელობა შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყოს ტვინის სისხლძარღვების მდგომარეობასთან,- ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები 21-წლიანი ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად, რომელიც ჟურნალ ScienceAlert-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პერიოდონტიტი (ღრძილების ქრონიკული ანთება) და კარიესი, უფრო ხშირად განიცდიდნენ ინსულტს, ვიდრე ისინი, ვისაც პირის ღრუ ჯანმრთელი ჰქონდათ.
კვლევა ჩაატარა სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ნევროლოგიის დეპარტამენტმა ექიმ სოვიკ სენის ხელმძღვანელობით. კვლევაში მონაწილეობდა 5 986 ზრდასრული ადამიანი, საშუალო ასაკით 63 წელი, რომელთაც თავდაპირველად ინსულტის ან გულის დაავადების ისტორია არ ჰქონდათ.
მონაწილეები პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს:
ჯანმრთელი პირის ღრუ;
პერიოდონტიტით დაავადებული პირები;
პერიოდონტიტისა და კარიესის მქონე პირები ერთად.
21-წლიანი დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს შემდეგი შედეგები:
ჯანმრთელ პირებში ინსულტის შემთხვევა შეადგენდა 4.1%-ს;
მხოლოდ პერიოდონტიტის მქონე ჯგუფში — 6.9%-ს;
ხოლო მათ, ვისაც ორივე პრობლემა ერთად ჰქონდა, ინსულტის შემთხვევა 10%-მდე იზრდებოდა.
სტატისტიკური ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ მხოლოდ ღრძილების ანთება ზრდიდა ინსულტის რისკს დაახლოებით 44%-ით, ხოლო პერიოდონტიტისა და კარიესის ერთდროული არსებობა — 86%-ით.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პირის ღრუს ბაქტერიები და მათ მიერ გამოწვეული ანთებითი პროცესები შესაძლოა სისხლში მოხვდნენ და გავლენა მოახდინონ არტერიების კედლებზე.
ეს ანთება ზრდის თრომბების წარმოქმნის ალბათობას, რაც თავის ტვინის სისხლძარღვების ბლოკირებას და, შედეგად, იშემიურ ინსულტს იწვევს.
გარდა ამისა, ქრონიკული ანთება შეიძლება ორგანიზმში ზოგადი ანთებითი ფონიც გაზარდოს, რაც ზრდის გულისა და სისხლძარღვთა სხვა დაავადებების რისკსაც.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სტუმრობდნენ სტომატოლოგს, გაცილებით იშვიათად ხდებოდნენ ქრონიკული პირის ღრუს ინფექციების მსხვერპლნი.
რეგულარული ვიზიტი ამცირებდა პერიოდონტიტის განვითარების რისკს 29%-ით, ხოლო კომბინირებული ინფექციების რისკს — თითქმის 81%-ით.
მეცნიერების თქმით, ეს შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ კბილებისა და ღრძილების მოვლა მხოლოდ ესთეტიკური საკითხი აღარ არის — ის შეიძლება გახდეს ტვინისა და გულის ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი გზა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევა აჩვენებს მხოლოდ კორელაციას და არა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. გარდა ამისა, მონაწილეთა პირის ღრუს მდგომარეობა შეფასდა მხოლოდ კვლევის დაწყებისას, რაც ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში განვითარებული ცვლილებები გათვალისწინებული არ ყოფილა.
თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ შედეგები საკმარისად სერიოზულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ და ექიმებმა პირის ღრუს მოვლას მეტი ყურადღება მიაქციონ — როგორც ინსულტის პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს