„გიო, დავრჩი ნახევარი...“ - ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის და
1745918047
ცარცული პერიოდის ერთი ჭიანჭველას უიღბლო დღე და სიკვდილი, ახლა, 113 მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის ფრიად საოცარი რამ აღმოჩნდა.
ბრაზილიაში, კირქვაში განმარხებული ციცქნა მწერი ჭიანჭველას ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუშია. უფრო მეტიც, ის გადაშენებული ქვეოჯახის, ჰაიდომირმეცინების (Haidomyrmecinae) წევრია; მათ „ჯოჯოხეთის ჭიანჭველებსაც“ უწოდებენ და ჰქონდათ ვერტიკალურად შესახსრული, ცელის მსგავსი საცეცები, რომლებსაც მსხვერპლის დასაჭერად იყენებდნენ.
ახლად აღმოჩენილი ნიმუში ახალ სახეობას ეკუთვნის და მას Vulcanidris cratensis-ი უწოდეს.
„ჩვენმა ჯგუფმა აღმოაჩინა ჭიანჭველას ახალი ნამარხი სახეობა, რომელიც წარმოადგენს უძველეს, უდავო გეოლოგიურ ჩანაწერს ჭიანჭველას შესახებ. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ მიეკუთვნება გადაშენებულ „ჯოჯოხეთის ჭიანჭველებს“, რომლებიც ცნობილი იყვნენ უცნაური მტაცებლური ადაპტაციებით. მიუხედავად იმისა, რომ უძველეს ხაზს მიეკუთვნება, ამ სახეობას უკვე აღენიშნება ძლიერ სპეციალიზებული ანატომიური მახასიათებლები, რაც ნადირობის უნიკალურ ქცევებზე მიუთითებს“, — ამბობს სან-პაულუს უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმის ენტომოლოგი ანდერსონ ლეპეკუ.
მკვლევრებმა ნამარხი მიკრო კომპიუტერული სკანირებით შეისწავლეს და ქვაზე დატოვებული ბრტყელი ანაბეჭდიდან გამოარჩიეს მისი ანატომიური თავისებურებები. ასე დაადგინეს, რომ ის ყველაზე ახლოს ენათესავება 99 მილიონი წლის წინანდელ სახეობა Aquilomyrmex huangi-ს, რომელიც მიანმარში, ქარვაში განმარხებულია აღმოჩენილი.
„მართალია, ჯოჯოხეთის ჭიანჭველას მახასიათებლების პოვნას ველოდით, მაგრამ შოკში ჩაგვაგდო მისი კვების აპარატის მახასიათებლებმა. 113 მილიონი წლის წინ ასეთი ანატომიური სპეციალიზების პოვნა ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად განუვითარდათ ამ მწერებს კომპლექსური ადაპტაციები. რთული მორფოლოგია მიუთითებს, რომ ამ უძველეს ჭიანჭველებსაც კი უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ დახვეწილი მტაცებლური სტრატეგიები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი დღევანდელი თანამოძმეებისგან“, — ამბობს ლეპეკუ.
მიჩნეულია, რომ ჭიანჭველები გვიანდელ იურულ და ადრეულ ცარცულ პერიოდებს შორის გაჩნდნენ; ჯოჯოხეთის ჭიანჭველები კი პირველი განაყარი ხაზი იყო.
მსოფლიოს ახალ ნაწილში ჯოჯოხეთის ჭიანჭველას აღმოჩენა, თანაც სხვა სახეობებზე უფრო ძველის და კარგად ჩამოყალიბებული ანატომიის მქონესი — მეცნიერებს ახალ საშუალებას აძლევს ამ მრავალფეროვანი, ყველგან მყოფი მწერების ევოლუციის შესასწავლად.
„ახლად აღმოჩენილი სახეობა წარმოადგენს მეცნიერებისთვის ცნობილ დანამდვილებით უძველეს ჭიანჭველას და ყველაზე სრულყოფილ მტკიცებულებას ნამარხ ჩანაწერებში ჭიანჭველების ადრეული ევოლუციის შესახებ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა