VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
ასტრონომებმა მაგელანის დიდ ღრუბელში არსებულ ყინულში რთული ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს. ეს სისტემა ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკაა, სიცოცხლის საშენი მასალა კი იქ მდებარე ახლადწარმოქმნილი ვარსკვლავის გარშემო შენიშნეს. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ აქამდე ჩვენი გალაქტიკის მიღმა მსგავსი აღმოჩენა არ გაკეთებულა.
შორეული ყინული ეთანოლს (CH₃CH₂OH), აცეტალდეჰიდსა (CH₃CHO) და მეთილფორმიატს (HCOOCH₃), შეიცავს, რომლებიც აქამდე ირმის ნახტომის გარეთ არასდროს დაფიქსირებულა. ასევე, იდენტიფიცირებულია ძმარმჟავა (CH₃COOH), რომელსაც ყინულში მთლიანი კოსმოსის მასშტაბითაც პირველად მიაგნეს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სიცოცხლის საშენი მასალა მთელს სამყაროშია მიმობნეული.
ასტროფიზიკურ კონტექსტში რთული ორგანული მოლეკულები ისეთებს ეწოდება, რომელთაც სულ მხირე ექვსი ატომი აქვთ, იქიდან მინიმუმ ერთი კი ნახშირბადისაა. სწორედ ასეთებია ზემოთ ჩამოთვლილი ნაერთები: ეთანოლი, აცეტალდეჰიდი და მეთილფორმიატი. ისინი სიცოცხლის ფორმირებისთვის აუცილებელი ამინომჟავების, შაქრებისა თუ აზოტოვანი ფუძეების წარმოსაქმნელად უმნიშვნელოვანესია.
რაც შეეხება მაგელანის დიდ ღრუბელს, მისი გარემო ირმის ნახტომისგან განსხვავდება. იქ მძიმე მეტალების სიუხვე ჩვენი გალაქტიკის მხოლოდ მესამედს ან, მაქსიმუმ, ნახევარს უტოლდება. ასტრონომიულ კვლევებში ასე უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურ ელემენტს, რომელიც ჰელიუმზე მძიმეა: ჟანგბადს, ნახშირბადს, სილიციუმს და სხვა; ასევე, ამ სისტემაში სინათლის შემაფერხებელი ნაკლები მტვერია, ვარსკვლავები კი უფრო აქტიურად წარმოიქმნება, რის გამოც ჯუჯა გალაქტიკას ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება აქვს.
სწორედ ასეთი ვარსკვლავია ჩვენგან 160 000 სინათლის წლით დაშორებული ST6, რომლის გარშემო არსებული მატერიაც სპეციალისტებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელი კამერით შეისწავლეს. ეს მონაცემები შემდეგ სხვადასხვა რთული ორგანული მოლეკულის სპექტრს შეადარეს, რადგან თითოეული მათგანი სინათლეს განსხვავებული ტალღური სიგრძით ირეკლავს.
ასე გამოავლინეს ის ნაერთები, რომლებიც ყინულშია მოქცეული (დამატებით მეთანოლიც). მათგან ძმარმჟავა კოსმოსში აქამდე მხოლოდ ორთქლის სახით იყო დაფიქსირებული. კომპიუტერულ სიმულაციებთან და ლაბორატორიულ ექსპერიმენტებთან ერთად, ეს მიუთითებს, რომ ის მტვრის "მარცვლების" ზედაპირულ რეაქციებში მონაწილეობს. სწორედ ასეთ პროცესებთან აკავშირებენ პრებიოტური ნივთიერებების წარმოქმნას.
მსგავსი რეაქციების დროს კოსმოსში მიმოფანტული მტვრის პაწაწინა ფრაგმენტული შენაერთების გარშემო ყინული ჩნდება. რადიაციის მეშვეობით შიგნით არსებული ნაწილაკების ურთიერთქმედება შესაძლებელია, რის შედეგადაც ზოგჯერ რთული ორგანული მოლეკულები მიიღება.
მეცნიერთა კვლევის თანახმად, ასეთი პროცესები მძიმე მეტალების ნაკლებობისა და ძლიერი რადიაციის პირობებშიც შეიძლება წარიმართოს. მომდევნო ეტაპზე ისინი გეგმავენ, რომ მაგელანის დიდი ღრუბლის სხვა ვარსკვლავებიც შეისწავლონ.