Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა - თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

ინსტაგრამი

პოპულარული სოციალური ქსელი Instagram ახალ ფუნქციას ამატებს, რომელიც ძველი და საკმაოდ სადავო მახასიათებლის თანამედროვე ვერსიაა. კერძოდ, Reels-ის ახალ ველში მომხმარებლებს შეეძლებათ ნახონ ვიდეოები, რომლებიც მათ მეგობრებს მოეწონათ ან რომლებზეც კომენტარები დატოვეს.

Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ, ამ ცვლილებების შესახებ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ახალი ფუნქციის მიზანია, მომხმარებლებს მისცეს არა მხოლოდ ვიდეოების ყურების, არამედ მათი მეშვეობით მეგობრებთან ურთიერთობის შესაძლებლობაც.

ეს ძველ "აქტივობის" ველს მოგვაგონებს, რომელიც 2019 წელს გაუქმდა. როგორც დასაწყისში ითქვა, ახალი ველი მომხმარებლებს აჩვენებს, რომელ მეგობრებს მოეწონათ კონკრეტული ვიდეოები და ვინ დატოვა გამოხმაურებები Reels-ზე — ერთი შეხედვით, ეს კომუნიკაციისთვის ხელსაყრელი ფუნქციაა, მაგრამ შესაძლოა, უკმაყოფილებაც გამოიწვიოს.~

ამას წარსულის მაგალითიც გვიჩვენებს. "აქტივობის" ველი ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. ის მომხმარებლების ყველა ქმედებას ააშკარავებდა, რაც ზოგისთვის ზედმეტად საჯარო და უხერხული იყო. ბევრმა შესაძლოა, არ ისურვოს, რომ მათმა მეგობრებმა გაიგონ, რომელ ვიდეოებს უყურებენ ან იწონებენ. გარდა ამისა, TikTok-ის პერსონალიზებული ხასიათი ბევრისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა, რაც Instagram-ის ახალი ფუნქციის საპირისპიროა.

სხვა პლატფორმები, მაგალითად, X (ყოფილი Twitter), მომხმარებლების ქმედებებს, პირიქით, მალავს, რათა უსიამოვნო სიტუაციები ააცილოს თავიდან. შესაბამისად, Instagram-ის ეს ნაბიჯი შესაძლოა, დისკუსიების ახალი ტალღის მიზეზი გახდეს. კომპანია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, იქნება თუ არა შესაძლებელი ახალი ფუნქციის გამორთვა.

Reels-ის მეშვეობით Instagram ცდილობს, პოპულარობით გამორჩეულ TikTok-ს დაემსგავსოს და მეტი ადამიანი მიიზიდოს. ამის გათვალისწინებით, ახალი ფუნქცია, გარკვეულწილად, სარისკოა. ყველაფერი კი მაინც მომხმარებლებსა და მათ შეფასებაზეა დამოკიდებული.

მომზადებულია The Verge-დან, რომელიც პორტალმა NEXTon.ge-მ თარგმნა