„ჰაერი და შარდი...“ - ევროპის კოსმოსური სააგენტო კვების რევოლუციურ პროექტზე მუშაობს

ჰაერი და შარდი საკვებად

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ახალი ინოვაციური პროექტი წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ასტრონავტებისთვის საკვების წარმოებას პირდაპირ კოსმოსში — ჰაერის, ელექტროენერგიისა და შარდის გამოყენებით.

ტექნოლოგიის ცენტრში დგას ფინური კომპანია Solar Foods, რომელმაც შექმნა უნიკალური პროტეინი — Solein, რომელიც მიკრობების ფერმენტაციის გზით მიიღება. ეს მიკროორგანიზმები საკვებად იყენებენ ატმოსფერულ აირებს და ენერგიას ელექტროენერგიიდან, შედეგად კი წარმოიქმნება მდგრადი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროტეინი.

ცილის სინთეზისთვის აზოტის წყაროდ ამიაკი გამოიყენება. კოსმოსური პირობებისთვის ESA გეგმავს ამ პროცესის ადაპტაციას ისე, რომ აზოტის წყაროდ გამოყენებულ იქნას ასტრონავტების შარდიდან მოპოვებული ნაერთები.

მომდევნო 8 თვის განმავლობაში კომპანია მთავარ კონტრაქტორ OHB System AG-სთან ერთად ეცდება, კოსმოსში სოლეინის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგია შეიმუშაოს. თუკი ამას წარმატებით შეძლებენ, ტესტირება უკვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში გაგრძელდება. პროექტის შემდეგი ეტაპი მოიცავს ლაბორატორიულ და შემდგომში ორბიტულ ტესტირებას, რათა დადასტურდეს, რომ მიკრობული ფერმენტაცია ნულოვან გრავიტაციაშიც ეფექტურად მუშაობს.

თუ ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის, ESA-ს სისტემა შეიძლება გახდეს საფუძველი მომავალი კოსმოსური კოლონიებისთვის — სადაც ასტრონავტები საკვებს საკუთარი რესურსებით შექმნიან.