FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ პირველი სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა დაამტკიცა

FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ პირველი სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) პირველი მოწყობილობა დაამტკიცა, რომლითაც დეპრესიის მკურნალობა სახლშივე იქნება შესაძლებელი. აპარატი ტვინის სტიმულირებით მუშაობს. მედიკამენტური მკურნალობისა და ფსიქოთერაპიის გარდა, იგი კიდევ ერთი საშუალება იქნება დეპრესიასთან საბრძოლველად.

მოწყობილობა კომპანია Flow Neuroscience-მა შექმნა და FL-100 ჰქვია. პაციენტმა იგი ყურსასმენების მსგავსად უნდა გაიკეთოს; მოწყობილობა ელექტროდენს აწვდის ტვინის ერთ-ერთ რეგიონს, რომელსაც დორსოლატერალური პრეფრონტალური ქერქი ჰქვია. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი გუნება-განწყობის აშლილობებსა და დეპრესიასთან არის კავშირში. თავად ტექნიკას ტრანსკრანიალური პირდაპირი ელექტრული სტიმულაცია (tDCS) ეწოდება.

ცხადია, ამ ტექნიკას თავისი კრიტიკოსებიც ჰყავს. ჟურნალ Lancet-ში 2023 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მიდგომა დეპრესიის მკურნალობისთვის პლაცებოზე ეფექტიანი სულაც არ არის. მეორე მხრივ, სხვა, მათ შორის Flow Neuroscience-ის დაფინანსებული, ცდების ფარგლებში tDCS ტექნიკას გარკვეული სარგებელი მოუტანია.

FDA-მ მოწყობილობა მეორე ფაზის კლინიკური ცდის საფუძველზე დაამტკიცა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა. კვლევაში 174 ადამიანი მონაწილეობდა. ათი კვირის განმავლობაში ისინი 30-წუთიან სესიებად იყენებდნენ აპარატს. შედეგად დეპრესიის სიმპტომები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ საკონტროლო ჯგუფის მონაწილეებთან შედარებით, რომელთაც მოწყობილობა არ გამოუყენებიათ.

FDA თავის გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებს, რომ მოწყობილობის სარგებლიანობა "მცირეა, თუმცა საკმარისია, რომ შესაძლო რისკები გადაწონოს". სააგენტომ შესაძლო რისკებს შორის თავის ტკივილი და კანის გაღიზიანება დაასახელა.

რეინჰარტის აზრით, დეპრესიის მქონე პაციენტებს ერთით მეტი გზა ექნებათ სამკურნალოდ, რომელიც მედიკამენტებს არ მოიცავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათთვის, ვისთვისაც ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ეფექტიანი არ არის. ცხადია, მეტი კვლევაა საჭირო, რომ tDCS-ის ხანგრძლივ პერსპექტივაში ეფექტიანობა შევისწავლოთ... ვრცლად