დიდი ბრიტანეთი ახალშობილებს დნმ-ის ტესტს ჩაუტარებს - რისთვის არის ეს საჭირო

დნმ

მომდევნო 10 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ახალშობილებს დნმ-ის ტესტს ჩაუტარებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ამ ინიციატივის მიზანი  სიცოცხლისთვის საშიში/ქრონიკული გენეტიკური დაავადებების დროული დიაგნოსტირებაა. გეგმის განსახორციელებლად მთავრობის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 650 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. 

ახალშობილებს დნმ-ის ტესტი მშობლების თანხმობის შემდეგ, სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ.

რისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ:

- დნმ-ს მაკრომოლეკულა ორგანიზმის განვითარების გენეტიკური პროგრამების შენახვას, გადაცემასა და რეალიზაციას  უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი „აწყობის“ ინსტრუქცია. დნმ-ს გაშიფვრით სპეციალისტს ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაშინაც კი, თუ ის ჯერ არ დაბადებულა.

დნმ-ის ტესტით ისეთი დაავადებების წინასწარ გამოვლენაა შესაძლებელი, რომლებიც  დაბადებისთანავე არ იჩენს თავს - არსებობს 7 ათასზე მეტი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელთა დადასტურება მხოლოდ დნმ-ის ანალიზით შეიძლება. ასეთი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენით გართულებების თავიდან აცილება და დროული მკურნალობის დანიშვნაა შესაძლებელი. ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება შემუშავდეს კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის რეკომენდაცია. 

- დნმ-ის ანალიზის გამოყენების კიდევ ერთი სფერო - მამობის დადგენაა. თუმცა, ამ ტესტით ნებისმიერი ნათესაური კავშირის განსაზღვრაა შესაძლებელი.

- დნმ-ს ანალიზი ზედმიწევნით ზუსტია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მისი სანდოობის ხარისხი დამოკიდებულია კვლევის ტიპზე.