დღეში 7000 ნაბიჯის გადადგმა დაკავშირებულია 13 სხვადასხვა ტიპის კიბოს რისკის შემცირებასთან — ახალი კვლევა

სიარული

ფიზიკური უმოქმედობა ყოველწლიურად მრავალ სიცოცხლეს იწირავს.

დღევანდელ სულ უფრო და უფრო უმოძრაო სამყაროში, ზედმეტად დიდხანს ჯდომა მრავალი სერიოზული დაავადების რისკს ზრდის, მათ შორის, კიბოსი. საინტერესოა, არის თუ არა რეალური გამოსავალი რაღაც ისეთი მარტივი, როგორიცაა სიარული?

როგორც ჩანს, პასუხი შეიძლება დადებითი იყოს.

სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას კიბოს რისკის შემცირება შეუძლია. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო მეტ წონას მატებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა.

ბრიტანეთში 85 000 ადამიანზე ჩატარებული დიდი კვლევის თანახმად, რაც უფრო მეტ ნაბიჯს დგამ დღეში, მით უფრო დაბალია 13 სხვადასხვა კიბოს განვითარების შანსი.

კვლევის მონაწილეები ატარებდნენ აქტივობის ტრეკერებს, რომელიც ზომავდა მათი დღიური მოძრაობის რაოდენობას და ინტენსივობას. მკვლევრებმა მონაცემები საშუალოდ ექვსი წლის შემდეგ აიღეს და შეისწავლეს. გამოიკვეთა აშკარა მახასიათებელი — მეტი ნაბიჯი ნიშნავს კიბოს დაბალ რისკს, მიუხედავად იმისა, რამდენად სწრაფი იყო ეს ნაბიჯები.

სარგებელი იწყებოდა დღეში დაახლოებით 5000 ნაბიჯის შემდეგ. ამაზე ნაკლები ნაბიჯი ადამიანს დიდ არაფერ დაცვას სთავაზობდა.

7000 ნაბიჯზე კიბოს განვითარების რისკმა დაახლოებით 11 პროცენტით დაიკლო, 9000 ნაბიჯზე კი 16 პროცენტით. 9000 ნაბიჯზე მეტის შემთხვევაში, სარგებელი გათანაბრდა, სხვაობა რისკის შემცირებაში მარგინალური გახდა და ოდნავ სხვადასხვა იყო კაცებსა და ქალებს შორის.

აღმოჩენა მხარს უჭერს პოპულარულ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, დღეში 10 000 ნაბიჯის გადადგმა კარგია არა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობისთვის, არამედ პოტენციურად კიბოს პრევენციისთვისაც.

ასეთი კავშირები შენარჩუნდა მაშინაც, როდესაც შედეგები მოარგეს დემოგრაფიულ, BMI და ცხოვრების სტილის სხვა ფაქტორებს, მაგალითად, მოწევას; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კიბოს რისკში შემჩნეული ცვლილება მართლაც დაიყვანებოდა მონაწილის მიერ ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების საშუალო რაოდენობაზე.

ასევე გააანალიზეს ნაბიჯების ინტენსივობა — ძირითადად, რამდენად სწრაფად დადიოდნენ მონაწილეები. დადგინდა, რომ უფრო სწრაფი სიარული დაკავშირებული იყო კიბოს უფრო დაბალ რისკთან.

თუმცა, როცა მხედველობაში მიიღეს სრული ფიზიკური აქტივობა, სიარულის სიჩქარემ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა აღარ მისცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელობა აქვს სიარულის სრულ რაოდენობას და არა სისწრაფეს.

კიბოს რისკი ასევე შეამცირა ჯდომის დროის მსუბუქი ან ზომიერი აქტივობით ჩანაცვლებამ, მაგრამ დამატებითი სარგებელი არ მოჰყოლია მსუბუქი აქტივობის ზომიერი აქტივობით ჩანაცვლებას. ასე რომ, ყველაზე მეტი შედეგი აქვს უბრალოდ მოძრაობას, ნებისმიერი სიჩქარით.

მკვლევრებმა მიმოიხილეს 13 კონკრეტული კიბო, მათ შორის, საყლაპავის, ღვიძლის, ფილტვის, თირკმლის, კუჭის, ენდომეტრიუმის, მიელოიდური ლეიკემია, მიელომა, კოლინჯის, თავის და კისრის, სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის და ძუძუს.

დაკვირვების ექვსწლიანი პერიოდის განმავლობაში, მონაწილეთა დაახლოებით სამ პროცენტს ამ კიბოებიდან ერთ-ერთი დაემართა. ყველაზე ხშირი იყო კოლინჯის (მსხვილი ნაწლავის მონაკვეთი ბრმა ნაწლავსა და სწორ ნაწლავს შორის), სწორი ნაწლავისა და ფილტვის კიბო კაცებში და ძუძუს, კოლინჯის, ენდომეტრიუმისა და ფილტვის კიბო ქალებში.

მაღალი ფიზიკური აქტივობის დონე ყველაზე ძლიერ იყო დაკავშირებული ექვსი სხვადასხვა კიბოს რისკის შემცირებასთან: კუჭის, შარდის ბუშტის, ღვიძლის, ენდომეტრიუმის, ფილტვის და თავის-კისრის.

წინა კვლევები ეფუძნებოდა თვითმოსხენებას აქტივობის შესახებ, რაც არასანდო შეიძლება იყოს — ადამიანებს საკუთარი აქტივობა ხშირად ავიწყდებათ ან არასწორად აფასებენ. ამ კვლევაში გამოყენებული იყო პორტატული მოწყობილობები, რომლებიც ადამიანთა მოძრაობის შესახებ უფრო ზუსტ მონაცემებს უზრუნველყოფდა.

კვლევა ასევე გამორჩეულია იმით, რომ ფოკუსირებული არ ყოფილა მხოლოდ ენერგიულ ვარჯიშზე. მრავალმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ ინტენსიური ვარჯიში კიბოს რისკს ამცირებს, მაგრამ ყველას არ შეუძლია ან არ სურს მძიმე ვარჯიშების შესრულება. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ სხვაობას იძლევა მსუბუქი აქტივობა, თუნდაც სიარულიც კი, რაც კიბოს პრევენციას უფრო მეტი ადამიანისთვის ხდის ხელმისაწვდომს.

დღეში მხოლოდ სამი კილომეტრის, დაახლოებით 4000 ნაბიჯის გადადგმას ან უბრალოდ 40 წუთით მსუბუქ სიარულს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს თქვენს გრძელვადიან ჯანმრთელობაზე. საჭირო არაა ამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება. გაანაწილეთ დღის განმავლობაში — გამოიყენეთ კიბეები ლიფტის ნაცვლად; ლანჩის დროს თან იარეთ; იარეთ ტელეფონზე საუბრისას; მანქანა დანიშნულების ადგილიდან ცოტა შორს გააჩერეთ.

ჩართეთ თქვენს რუტინაში უფრო მეტი ნაბიჯი, განსაკუთრებით შუახნის ასაკში, რაც შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა იყოს გარკვეული კიბოების განვითარების რისკის შესამცირებლად.

კავშირი ფიზიკურ აქტივობასა და კიბოს შორის, რა თქმა უნდა, კომპლექსურია. საჭიროა უფრო გრძელვადიანი კვლევები, განსაკუთრებით კიბოს ინდივიდუალურ ტიპებზე ფოკუსირებული, რათა უკეთ დადგინდეს, რატომ გვეხმარება სიარული და როგორ შეიძლება ვაქციოთ მოძრაობა კიბოს პრევენციის რეგულარულ სტრატეგიად.

თუმცა ამჟამად, მესიჯი მკაფიოა — ნაკლებად ისხედით, მეტი იმოძრავეთ, რამაც შეიძლება უკეთეს ჯანმრთელობამდე მიგიყვანოთ.

კვლევა The British Journal of Sports Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით