ჩინეთში შექმნეს პირველი რობოტი, რომელსაც 24/7-ზე ავტონომიურად ფუნქციონირება შეუძლია

 რობოტი

 დღესდღეობით ტექნოლოგიები საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და უკვე არაერთი ჰუმანოიდი რობოტია შექმნილი. ამის მიუხედავად, ჩინეთში ახლახან წარადგინეს მოდელი, რომელიც გამორჩეულია, რადგან საკუთარ ბატარეებს იცვლის. ეს ნიშნავს, რომ მას 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე, ავტონომიურად ფუნქციონირება შეუძლია.

რობოტს Walker S2 ჰქვია და ჩინური კომპანია UBTECH-ის მიერაა შექმნილი. მისი სიმაღლე 162 სანტიმეტრია, მასა კი 43 კილოგრამს შეადგენს. ამგვარი პარამეტრებით ის მომცრო ტანის ზრდასრულ ადამიანს მოგვაგონებს.

Walker S2 ლითიუმის ორმაგი ბატარეის სისტემას იყენებს, რომელიც 48-ვოლტიანია. ამის დახმარებით რობოტს საკმარისი ენერგია აქვს, რათა ორი საათის განმავლობაში იაროს ან 4 საათის განმავლობაში იდგეს. ელემენტების სრულად დამუხტვას 90 წუთი სჭირდება.

 

 

 

 რობოტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ისაა, რომ ბატარეის გამოსაცვლელად ადამიანის დახმარება არ სჭირდება. ამას ის სრულიად დამოუკიდებლად აკეთებს, რაც ვიდეოშიც კარგად ჩანს. კადრებში ვხედავთ, რომ Walker S2 ელემენტების დასატენ მოწყობილობას უახლოვდება, ზურგის ზონიდან დამჯდარ ბატარეას იღებს და მის ადგილზე ახალს ათავსებს.

რობოტს ისიც შეუძლია განსაზღვროს, თუ რა მაჩვენებელზეა მისი დარჩენილი ენერგია და ამის მიხედვით გადაწყვიტოს, ბატარეის გამოცვლა სჭირდება, თუ მისი დატენაც საკმარისია. აქედან რომელს აირჩევს, შესასრულებელ საქმეზეა დამოკიდებული.

Walker S2-ის გამოყენება საწარმოებსა და ისეთ დაწესებულებებშია შესაძლებელი, სადაც ის მომხმარებლებს დახვდება და დაეხმარება. მისი თავისუფლების დონე 20-ია, რაც მოძრავი მექანიზმების რაოდენობას შეესაბამება. ის უსადენო ინტერნეტსა და ბლუთუზსაც მარტივად უკავშირდება.