ChatGPT-ს მცდარი რჩევის გამო, ამერიკაში 60 წლის კაცს ფსიქოზი დაეწყო - iflscience

ChatGPT-

 დღეს ადამიანები სამედიცინო ენციკლოპედიების წაკითხვისა და ექიმთან ვიზიტის ნაცვლად ხშირად ChatGPT მივმართავთ. ამან ზოგ შემთხვევაში გაამართლა, თუმცა ცოტა ხნის წინ უარყოფითი შემთხვევა დაფიქსირდა. ვაშინგტონის შტატში მცხოვრებმა ჯანმრთელმა კაცმა ხელოვნური ინტელექტის რჩევის შედეგად თავი მოიწამლა.

"ამ 60 წლის კაცს წარსულში ფსიქიატრიული ან სხვა სამედიცინო ისტორია არ ჰქონია. ის სასწრაფო დახმარების დაწესებულებაში შეშფოთებული მივიდა, რადგან ეგონა, რომ მეზობელი წამლავდა", — წერენ კვლევის ავტორები — "ფიზიკურმა გამოკვლევებმა საეჭვო არაფერი აჩვენა. მიუხედავად ამისა, როცა კაცს მოსწყურდა, ექიმების მიერ შეთავაზებული წყლის მიმართ პარანოია გამოამჟღავნა".

რაც უფრო დიდხანს რჩებოდა კაცი საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მით უფრო ნათელი ხდებოდა.

"პირველი 24 საათის განმავლობაში მას პარანოია გაუმძაფრდა. კაცს, ასევე, სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები ჰქონდა", — აღნიშნავენ მკვლევრები — "მას შემდეგ, რაც პაციენტმა გაქცევა სცადა, იგი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოათავსეს".

დელირიუმისა და ჰალუცინაციების გამოწვევა ძლიერ გაუწყლოებასაც შეუძლია, თუმცა ექიმებმა მალე აღმოაჩინეს, რომ კაცის პრობლემები უფრო სერიოზული იყო. შიდავენური გადასხმებითა და ელექტროლიტებით მკურნალობის შემდეგ გაირკვა, რომ მას მხოლოდ წყლის შიში არ ჰქონდა.

"პაციენტმა უკიდურესად შეზღუდული ვეგეტარიანული დიეტა აღწერა", — წერენ ექიმები, — "და რამდენიმე მიკროსაკვების დეფიციტი აღმოაჩნდა, მათ შორის ფოლატის, C და B12ვიტამინების".

შემდგომმა საუბრებმა კიდევ უფრო მეტი სიმპტომი გამოამჟღავნა. კაცს კანის პრობლემებიც ჰქონდა: ახალი გამონაყარი და ანგიომები; ის დაღლილობითა და უძილობით იტანჯებოდა; ასევე, პაციენტს ატაქსიაც აწუხებდა, რაც ბალანსის დაკარგვაში ან ლაპარაკისა და ყლაპვის გაძნელებაში გამოიხატება.

 "პაციენტმა განაცხადა, რომ ნატრიუმის ქლორიდის, ანუ სუფრის მარილის, უარყოფითი ეფექტების შესახებ წაიკითხა. ამის გამო მან გადაწყვიტა, პირადი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ქლორიდი კვებიდან ამოეღო", — ნათქვამია კვლევაში.

ზუსტად აქ წარმოიშვა პრობლემა. ექიმის განმარტებით, კაცმა ქლორიდი ნატრიუმის ბრომიდით ჩაანაცვლა.

"ეს გადაწყვეტილება მან ChatGPT-თან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ხელოვნურმა ინტელექტმა მას უთხრა, რომ ქლორიდის ჩანაცვლება ბრომიდით შეიძლება", — ამბობს მეცნიერი.

ქლორიდის ბრომიდით შეცვლა საცურაო აუზის დეზინფექციისთვის შეიძლება, კვებაში კი მისი გამოყენება დაუშვებელია.

 "ქლორიდი სხეულის ბევრი ფუნქციისთვის აუცილებელი მინერალია", — განმარტავს ევროპის სურსათის ინფორმაციის საბჭო — "ის ჩვენს ორგანიზმს შედარებით დიდი რაოდენობით სჭირდება. გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდი ბევრ საკვებში ბუნებრივად გვხვდება".

ბრომიდი მომწამლავია. მედიკამენტებში მისი გამოყენება 1975 წელს აიკრძალა. ის გულისრევას, მადის დაკარგვას, კანის პრობლემებსა და ფსიქიატრიულ დარღვევებს იწვევს. XX საუკუნის დასაწყისში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული ყოველი 12 შემთხვევიდან ერთის მიზეზი ზუსტად ბრომიდი იყო.

პაციენტის ორგანიზმში ბრომიდის დონე 1700 მგ/ლ აღმოჩნდა. ეს რაოდენობა ადამიანისთვის დასაშვებზე 233-ჯერ მეტია. შესაბამისად, მისი ფსიქიკური პრობლემები სწორედ ამ ელემენტით იყო გამოწვეული. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ კაცმა მომწამლავი მარილის მოხმარება შეწყვიტა. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.

"ეს ცხადყოფს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) შეიძლება არასასურველი სამედიცინო შედეგები გამოიწვიოს. ზუსტად არ ვიცით, კაცსა და ChatGPT-ს შორის საუბარი როგორ წარიმართა. მიუხედავად ამისა, როცა ვკითხეთ, რით შეიძლება ქლორიდი ჩანაცვლდეს, მან ბრომიდი გვირჩია", — ადასტურებენ მეცნიერები — "AI-ს პასუხში ეწერა, რომ კონტექსტს გააჩნია. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ სამედიცინო გაფრთხილებას არ შეიცავდა. არც კი უკითხავს, რატომ გვაინტერესებდა ეს".

მეცნიერები გვირჩევენ, რომ ChatGPT-სა და მის ანალოგ ჩატბოტებს სამედიცინო რჩევა არ ვთხოვოთ.