ამთქნარებს თუ არა ყველა ცხოველი

ცხოველის მთქნარება

მთქნარება მხოლოდ ადამიანებს არ გვახასიათებს. ეს მოვლენა ცხოველთა უამრავ სახეობაში გვხვდება, მაგრამ არის თუ არა ეს უნივერსალური ფენომენი?

"ყველა ცხოველი არ ამთქნარებს, თუმცა მსგავსი ქცევა ყველა ხერხემლიანში შეინიშნება", — განმარტა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორმა ენდრიუ გალაპმა IFLScience-თან მიცემულ ინტერვიუში — "მთქნარება გვხვდება თევზებში, ამფიბიებში, ქვეწარმავლებში, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში".

მთქნარება თავის ქალაში ლოკალიზებული დაჭიმვაა, რომელიც ტვინში სისხლის მიწოდებას აუმჯობესებს. მას ტვინში არტერიული სისხლის მარაგი შეაქვს, ხოლო ვენურს კი პირიქით — გამორეცხავს. რატომ განვითარდა მთქნარება ცხოველთა ამდენ სხვადასხვა სახეობაში? ამ შეკითხვაზე პასუხი ბოლომდე დღემდე არაა ცნობილი.

"მთქნარების მსგავსი ქცევა თევზებში და ზღვის სხვა ცხოველებშიც შეინიშნება. საინტერესოა, რომ ეს ხმელეთის ცხოველებში გავრცელებულ მთქნარებას ძალიან ჰგავს", — აღნიშნა გალაპმა.

უამრავი ნაშრომია გამოქვეყნებული, რომელიც მთქნარების დანიშნულებას იკვლევს. ეს ქცევა ცხოველთა ძალიან ბევრ სახეობაში გვხვდება, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას ადაპტიური ფუნქცია აქვს — ტვინში სისხლის მიწოდების გაზრდა და აქტიური (აგზნებული) მდგომარეობიდან პასიურში გადასვლის (ან პირიქით) უზრუნველყოფა.

გალაპის მიერ შესწავლილი კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი გადამდები მთქნარებაა. ეს შეიძლება გულისხმობდეს მთქნარების გადადებას ადამიანიდან ადამიანზე ან ადამიანიდან სხვა ცხოველზე. აღსანიშნავია, რომ დაფიქსირებულია მთქნარების გადადება ადამიანიდან სპილოზე. ამ წლის დასაწყისში კი მეცნიერებმა გადამდები მთქნარება ცივსისხლიან ცხოველებში პირველად დააფიქსირეს.

ასევე იხილეთ: თურმე სპილოებისთვის მათი საყვარელი ადამიანების მთქნარება გადამდებია

გადამდები მთქნარების გამომწვევი მიზეზები ბოლომდე გაგებული არ არის. ცნობილია ის, რომ სხვა ინდივიდის მთქნარების დანახვამ შეიძლება ჩვენშიც იგივე გამოიწვიოს. საინტერესოა ისიც, რომ თუ მთქნარებაზე ვიფიქრებთ ან რამეს წავიკითხავთ, შეიძლება მხოლოდ ამის შედეგადაც კი დავამთქნაროთ.

როგორც გალაპი განმარტავს, გადამდები მთქნარება შეიძლება ევოლუციის თანმდევი პროდუქტი იყოს. შესაძლოა, ეს პროსოციალურ სახეობებში გუნდურობას ზრდიდეს — თუ სხვა ინდივიდების ქცევებს კარგად დავაკვირდებით და მათ გავიმეორებთ, ეს არაცნობიერად კოლექტიურ ქცევას, სინქრონიზაციას და გუნდურობის განცდას გამოიწვევს.

წყარო