ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
თაგვებზე ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ გამოავლინა, რომ ნაკლები საკვების მიღებას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ამის მიუხედავად, დადგინდა ისიც, რომ ზოგ შემთხვევაში მეტაბოლური ცვლილებები და სხეულის შემცირებული მასა შესაძლოა, ჯანმრთელობის პოტენციურ პრობლემებს დაედოს საფუძვლად.
წლების განმავლობაში სხვადასხვა ცხოველის მაგალითზე არაერთმა კვლევამ ცხადყო, რომ მოკრძალებული რაციონის მქონე ინდივიდები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ეთიკური შეზღუდვების გამო ადამიანებზე მსგავსი ცდა არ ჩატარებულა, თუმცა ვიცით, რომ კალორიების შეზღუდვას გარკვეული სარგებელი აქვს.
ასევე, მონაცემები იმაზეც მიანიშნებს, რომ წონისა და ცხიმის კლება კარდიომეტაბოლურ რისკებს ამცირებს, რაც, თავის მხრივ, სიცოცხლის გახანგრძლივებაში დიდ როლს უნდა ასრულებდეს. არის თუ არა მათ შორის ნამდვილად პირდაპირი ურთიერთკავშირი, ჯერჯერობით დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით.
კალორიების შეზღუდვისა და ინტერვალური შიმშილის გავლენის შესახებ მეტის გასაგებად მეცნიერებმა კვლევა გენეტიკურად განსხვავებულ 960 მდედრ თაგვზე ჩაატარეს. მათმა შედეგებმა ზემოხსენებული დასკვნები განამტკიცა იმის შესახებ, რომ ნაკლები საკვების მიღება სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივი დიეტის, 1-დღიანი შიმშილობის, 2-დღიანი შიმშილობის, კალორიების 20%-ითა და 40%-ით შეზღუდვის დროს.
კალორიების ყველაზე მეტად შეზღუდვის შედეგად 6 თვის თაგვებმა 18 თვემდე მიღწევის შემდეგ წონის მეოთხედი დაკარგეს, ტიპურ დიეტაზე მყოფი მღრღნელების წონა კი მეოთხედზე მეტით გაიზარდა. პირველ ჯგუფში შემავალმა ინდივიდებმა სხვებზე საშუალოდ 9 თვით მეტხანს იცოცხლეს.
ყველაზე გვიან შეზღუდული კალორიების დიეტაზე მყოფი ის თაგვები დაიხოცნენ, რომელთაც წონის დიდი ნაწილი შენარჩუნებული გქონდათ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მეტაბოლური რეგულაციით სიცოცხლის გახანგრძლივება ვერ აიხსნება. მეცნიერები ამბობენ, გვიან სიკვდილში უფრო დიდ როლს გენეტიკა ასრულებს.
საბოლოოდ, დიდხანს იცოცხლეს იმ თაგვებმა, რომლებმაც წონა შეინარჩუნეს, რომელთა სისხლშიც ინფექციის საწინააღმდეგო თეთრი უჯრედები უფრო მეტად იყო, წითელი უჯრედების ზომის ვარიაცია კი ნაკლებად გვხვდებოდა.
კონკრეტული ბიოლოგიური მექანიზმები ჯერ კიდევ შესასწავლია, თანაც თაგვების მიხედვით ადამიანთა ფიზიოლოგიაზე ვერ ვიმსჯელებთ. შესაბამისად, უფრო სიღრმისეული კვლევების ჩატარებაა საჭირო.