ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
დღეს ქეით მიდლტონის ადგილას ყოფნაზე უამრავი გოგონა ოცნებობს. ელეგანტური ჩაცმის სტილისა და დახვეწილი მანერების გამო კემბრიჯის ჰერცოგინია მოდის მოყვარულთათვის ნამდვილი ეტალონია. მას ბაძავენ და აინტერესებთ ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ იქამდე, სანამ პრინცის ცოლი გახდებოდა, მიდლტონი ჩვეულებრივი ბრიტანელი თინეიჯერი იყო, რომელიც გარეგნობას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ტომ კრუზზე უზომოდ შეყვარებულ ქეითს პრინცესობაზეც არასდროს უოცნებია.
„ჯინსები მეცვა და კედლებზეც ,,ლევისის" მოდელი ბიჭების სურათები მქონდა გაკრული და არა პრინცი უილიამის“,- იხსენებს ქეითი.
ქეით ელიზაბედ მიდლტონი საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები სამოქალაქო ავიაციაში მუშაობდნენ. 11 წლის იყო, როდესაც სკოლის სპექტაკლში მთავარი როლი მიიღო და მსახიობობამ გაიტაცა. დაბალწელიან ჯინსებსა და თეთრ მაისურებში გამოწყობილი პატარა გოგონა მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა.
„ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდით მედგნენ. ისინი სულ მასწავლიდნენ, რომ სიკეთე, პატივისცემა და პატიოსნება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. დროთა განმავლობაში ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში თავად დავრწმუნდი“,- ამბობს მიდლტონი.
გარეგნობის გამო ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მისი თანაკლასელი იხსენებს, მერხზე ქეითის გვერდით დაჯდომას ყველა ერიდებოდა. ადრეულ ასაკში მიღებული ტრავმასთან გასამკლავებლად მიდლტონს დიდი დრო დასჭირდა. დღეს კი პრობლემებთან ბრძოლაში კემბრიჯის ჰერცოგინია სხვებს ეხმარება:
„ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი ფიზიკური ჯანმრთელობა. ამიტომ აუცილებელია დავანგრიოთ ის სტიგმა, რომელიც ამ საკითხის გარშემო არსებობს. მინდა მოზარდებს ვუთხრა – ნუ შეგეშინდებათ თქვენს პრობლემებზე საუბრის. ჩვენი კომპლექსების უმეტესობა სათავეს სწორედ ბავშვობიდან იღებს. ამიტომ ისაუბრეთ, ისაუბრეთ ხმამაღლა და გახსოვდეთ, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები“.
კოლეჯში სწავლის პერიოდში ქეითი არცერთ გასართობ ღონისძიებას არ ტოვებდა. მოკლე შორტებსა და ტოპებში გამოწყობილ ბრიტანელ თინეიჯერს წვეულებებზე ხშირად ხედავდნენ. ერთ-ერთ ჩვენებაზე კი კემბრიჯის ჰერცოგინია პოდიუმზე არც მეტი, არც ნაკლები გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქეითი დიდი ბრიტანეთის პრინცს შეხვდა. 2000-იანების წლების სტილი ნელ-ნელა კლასიკურმა ქვედაბოლოებმა შეცვალა და მიდლტონის თავზეც სამეფო კარისთვის შესაფერისი ფუტურისტული ქუდები გაჩნდა.
„პირველად უილიამს რომ შევხვდი მახსოვს გავწითლდი, რაღაცნაირად თავი უხერხულად ვიგრძენი“,- იხსენებს ის.
პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის სიყვარულის ისტორია წმინდა ენდრიუსის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც მომავალმა მეუღლეებმა ერთმანეთი გაიცნეს, დამეგობრდნენ და მალე ერთმანეთიც შეუყვარდათ.
„როდესაც ქეითი გავიცანი, მაშინვე ვიგრძენი,რომ მასში რაღაც განსაკუთრებული იყო. უნივერსიტეტში ყოფნისას ვცდილობდი ქეითისთვის საჭმელი გამეკეთებინა და ჩემი კულინარიული ნიჭი გამომევლინა. თუმცა, მზადებას დავიწყებდი თუ არა, რაღაც აუცილებლად მეწვებოდა, ქეითი იჯდა და იცინოდა, შემდეგ კი ჩემს დასახმარებლად მოდიოდა. ვერც მივხვდით ისე გადაიზარდა მეგობრობა სიყვარულში“,- ამბობს უილიამი.
სეით-ჯეიმსის სასახლეში გამართულ ნიშნობის წვეულებაზე უილიამმა საყვარელ ქალს დედისგან სამახსოვროდ დატოვებული საქორწილო ბეჭედი აჩუქა:
„მართალია, დედას ვერავინ შეუცვლის, მაგრამ ქეითი განსაკუთრებული ადამიანი გახდა ჩემს ცხოვრებაში. ამ ჟესტით ვიმედოვნებ, რომ დედაჩემი არ გამოტოვებს ჩვენთვის ესოდენ ბედნიერ დღეს და მიიღებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ერთად გავატაროთ მთელი დარჩენილი ცხოვრება“.
წყვილმა 2011 წლის 29 აპრილს იქორწინა. ცერემონიას თვალს მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი ადევნებდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ალექსანდრ მაკკუინის ულამაზეს კაბაში გამოწყობილმა პატარძალმა, მაკიაჟი თავად გაიკეთა. მიდლტონი ქორწილში არც თავისი ყოფილი შეყვარებულიც დაპატიჟებას მორიდებია.
„ქორწინება ძალიან დიდი ნაბიჯია. რაღაცნაირად ახალი ცხოვრების დაწყებას ჰგავს. ამიტომ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, უნდა დარწმუნდე, რომ მზად ხარ“,- ამბობს კემბრიჯის ჰერცოგინია.
უნივერსიტეტში დაწყებული სიყვარულის ისტორია დღემდე გრძელდება. წყვილს სამი შვილი ჰყავს. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მიდლტონი ბავშვებთან თამაშის დროს ყოველთვის ნახულობს. აღსანიშნავია ისიც, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია საკმაოდ ნიჭიერი ფოტოგრაფი და პროფესიონალი დაივერია.
„არ აქვს მნიშვნელობა რას მიაღწევთ ცხოვრებაში და როგორი წარმატებული იქნებით – არასდროს დაკარგოთ საკუთარი თავი. არ შეიცვალოთ რაც არ უნდა მოხდეს. მე შინაგანად ისევ ის ქეითი ვარ, ვინც ყოველთვის ვიყავი“,- აღნიშნავს ქეითი.