1793896633
როცა ბავშვს მეგობრები არ ჰყავს - როდის უნდა ჩაერიოს მშობელი
ბავშვი შესვენებაზე რვეულში ხატავს და თანაკლასელებთან ურთიერთობას არ ცდილობს – ეს ჯერ კიდევ არ არის შეშფოთების მიზეზი. მარტოობა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: ზოგიერთ ბავშვს ნამდვილად სჭირდება საკუთარ თავთან განმარტოება, ზოგი კი განიცდის იმას, რომ თანატოლები ყურადღებას არ აქცევენ.
მშობელმა, პირველ რიგში, ერთ მნიშვნელოვან კითხვას უნდა უპასუხოს: ბავშვი მარტო ყოფნას თავად ირჩევს თუ იძულებულია, მარტო იყოს?
როდის არის მარტოობა ნორმალური?
ინტროვერსია ნერვული სისტემის თავისებურებაა და არა პრობლემა. ასეთ ბავშვებს ძალების აღსადგენად სიმშვიდე სჭირდებათ, არ აქვთ ბევრი ურთიერთობის მოთხოვნილება და მათთვის კონტაქტების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობის სიღრმეა.
თუ ბავშვი მარტო თავს ნამდვილად კომფორტულად გრძნობს, საჭირო არ არის მისი ხასიათის შეცვლის მცდელობა და აქტიური სოციალური ურთიერთობების თავს მოხვევა.
უფრო საყურადღებოა სხვა შემთხვევა: ბავშვი აცხადებს, რომ მეგობრები არ სჭირდება, მაგრამ სინამდვილეში მოწყენილია და თანატოლებს უარყოფის ან დაცინვის შიშით ერიდება.
რა ასაკში ხდება მეგობრების არარსებობა საყურადღებო?
ბავშვის ასაკი მნიშვნელოვანი მინიშნებაა იმის გასაგებად, სად მთავრდება ნორმა და როდის შეიძლება მარტოობა პრობლემაზე მიუთითებდეს.
5–6 წლამდე: ბავშვები ხშირად ერთმანეთის გვერდით თამაშობენ, თუმცა ყოველთვის ერთად არ ერთობიან. ამ ასაკში საუკეთესო მეგობრის არარსებობა ნორმის ერთ-ერთ ვარიანტად მიიჩნევა.
7–10 წელი: მეგობრობა უფრო მყარი ხდება. სკოლაში ბავშვები სწავლობენ შეთანხმებასა და გუნდურ მუშაობას. თუ ბავშვს დაბადების დღეებზე არ ეპატიჟებიან და შესვენებებზე ყოველთვის მარტოა, ეს უკვე პირველი საყურადღებო ნიშანია.
11–16 წელი: მოზარდისთვის ახლო მეგობრები მნიშვნელოვანია ნდობისა და ემოციური სიახლოვის ჩამოსაყალიბებლად. ამ ასაკში თანატოლებისგან სრული იზოლაცია ნიშნავს, რომ მოზარდი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს სათანადოდ ვერ გადის. განაგრძეთ კითხვა...










