VIDEO: გაიცანით, მუსიკოსი ძმები, ილო და ზურა მელიქიძეები

ზურა და ილო

ძმებს, ილო და ზურა მელიქიძეებს, რომელთა მუსიკალური ვიდეოები ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვრცელდება, „პრაიმტაიმი“ ესაუბრა: 

- მოგვიყევით თქვენ შესახებ, რა პროფესიის ხართ? 

ზურა მელიქიძე: პროფესიით ხმის რეჟისორი ვარ, ძირითადი მიმართულება ლაივ კონცერტები და ა.შ. ილო მუსიკოსი და მომღერალია, ძირითადი მიმართულება ქალაქური სიმღერებია.

- რამდენი ხანია რაც სიმღერასთან კავშირი გაქვთ?

- 5-6 წლის ასაკიდან მუსიკით და სიმღერით დავკავდით და დღემდე მივყვებით ამ გზას.

- მუსიკალური განათლება სად გაქვთ მიღებული?

- ჩემი ძმა, ილო 5 წლიდან მღეროდა ანსამბლ „ლაშარელაში“ გიორგი უშიკიშვილის ხელმძღვანელობით. შემდეგ კი, ხალხური სიმღერებიდან ქალაქურზე გადაერთო.

მოგეხსენებათ, რომ ქალაქურ სიმღერაზე ფოლკლორიდან გადასვლა უფრო მარტივია, ვიდრე, ქალაქურიდან ფოლკლორზე. ასევე, გალობდა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც რეგენტი იყო ლაშა ზაალიშვილი.

რაც შემეხება მე, 10 წლის ასაკში ვმღეროდი ანსამბლ „ლაშარელას“ პატარა თაობაში. 13-14 წლის ასაკში გადავედი ანსამბლ „მოძახილში“, სადაც უკვე სიმღერასთან ერთად, ქართული ხალხური საკრავების სწავლა დავიწყე, შემდეგ ავირჩიე ხმის ინჟინერია და დღემდე აქტიურად ჩართული ვარ ამ საქმიანობაში. 

- საქართველოს რომელი კუთხიდან ხართ?

- წარმოშობა და გვარი მესხეთიდან გვაქვს, თუმცა თბილისში დავიბადეთ და გავიზარდეთ. 

- ოჯახის სხვა წევრებზე რას გვეტყვით? მუსიკასთან აქვთ კავშირი?

- დედა, ბებია, ბაბუა, გვასწავლიდნენ პატარაობიდან სიმღერას, სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ინტერესი, რომ ამ საქმიანობით დავკავებულიყავით.

- მუსიკის გარდა, როგორი ურთიერთობა გაქვთ ძმებს?

- უფრო მეგობრები და „ძმაკაცები“ ვართ, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. 

- სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ, რას აპირებთ ახლო მომავალში?

- ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე, რაზედაც წინასწარ არ ვსაუბრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე, ეს პროექტი მსმენელისთვის იქნება ძალიან გემოვნებიანი და საინტერესო.

ილო მელიქიძე: ზურა ინჟინერიის კუთხით მუშაობს ახალ პროექტზე, რაც თითქმის უკვე დასრულების პროცესშია და ეს ყველაფერი ყველა მუსიკოსისთვის თუ მომღერლისთვის იქნება განკუთვნილი, რომ სცენაზე თავი იმაზე კომფორტულად იგრძნონ, ვიდრე ახლა არიან.