ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
რუსთავის 2 განახლებულ სეზონს ქართული სერიალის პრემიერით იწყებს. „ბამბის აღმართი“ ასე ჰქვია მრავალსერიან დრამას, სადაც მთავარ როლებს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობები - თათული ედიშერაშვილი, ლილი ხურითი სლავა ნათენაძე და კიდევ სხვა ცნობილი მსახიობები თამაშობენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ მსახიობმა და სერიალის პროდიუსერმა თათული ედიშერაშვილმა უთხრა, მრავალსერიანი დრამა, ერთი თაობის სოციუმის სხვადასხვა წარმომადგენლებზეა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ.
სერიალის ზოგიერთ ეპიზოდში, რეალური ისტორია გაცოცხლდება. ამ შემთხვევაში თათული ედიშერაშვილი კომედიური ჟანრის როლს არ მოირგებს. მაყურებელი ამჯერად სულ სხვა ამპლუაში გაიცნობს. კამერის წინ თამაშს მიჩვეულია, თუმცა, ობიექტივს მიღმა, პროექტის ხელმძღვანელობა და პროდიუსერობა, სულ სხვა პასუხისმგებლობააო, ამბობს.
უფრო მეტს თათული „პრაიმტაიმს“ უყვება.
„პირველი სტუდიო და რუსთავი 2 ახალ ქართულ მრავალსერიან დრამას წარმოგიდგენთ, რომელსაც მაყურებელი ეთერში შაბათ-კვირას 22:00 საათზე იხილავს. ჩემი სახელი და გვარის გაჟღერებისას, შესაძლოა, მაყურებელს მოლოდინი გაუჩნდეს, რომ საქმე კომედიური ჟანრის სერიალთან გვაქვს, თუმცა - არა. ამ შემთხვევაში ტელემაყურებელი სულ სხვანაირ თათული ედიშერაშვილს დრამატული როლით გაიცნობს. შეიძლება ითქვას, რომ ბეწვის ხიდზე გავდივარ, თუმცა ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ჰაერივით და წყალივით საჭირო იყო ეკრანზე ბედი სხვა ჟანრში მეცადა.
გარდა იმისა, რომ სერიალში ვთამაშობ, კახაბერ შარტავასთან ერთად ვარ პროექტის ხელმძღვანელი და პროდიუსერი. ეს კიდევ მიასმაგებს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, კრიტიკა ჩემზე უნდა წამოვიდეს, რასაც არ ვარ მიჩვეული. თუ ქება წამოვა, ამას ძალიან შეჩვეული ვარ, მომწონს და განებივრებული ვარ. ამ ეტაპზე სერიალის გადაღება აქტიურად მიმდინარეობს. შემიძლია გითხრათ, რომ მაყურებელს ძალიან საინტერესო სეზონი ელოდება. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რას ეხება სერიალი?! რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გავამხელ და სიურპრიზად დავტოვებ, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ ვეხებით სხვადასხვა სოციუმში მყოფი ერთი თაობის ცხოვრებას, მათ პრობლემებს, გართობას დარდებსა და ურთიერთობის სხვადასხვა ფორმებს.
„ბამბის აღმართში“ რამდენიმე მთავარი ამბავია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას მაყურებელი იხილავს. მოკლედ, რომ ვთქვა, ნახავთ ქართულ დღევანდელობასა და რეალური ისტორიების ეკრანიზაციას. არ ვეხებით პოლიტიკას და არსად გაჟღერდება ბილწსიტყვაობა, რაც ჩემთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია. როდესაც სერიალის იდეის ავტორი და რეჟისორი, კახაბერ შარტავა და მე დავსხედით, დავიწყეთ ფიქრი თუ როგორი შინაარსის უნდა ყოფილიყო პირველი სერია და შემდეგ როგორ განგვევითარებინა, ბევრი ვიმსჯელეთ.
მაყურებელი სერიალში იხილავს არაერთ ცნობილ, პროფესიონალ და ვარსკვლავ მსახიობებს. ასევე მაყურებელი გაიცნობს არაერთ ახალ არტისტს. რატომ ჰქვია სერიალს „ბამბის აღმართი“ ?! ამასაც საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა, სიმბოლური დატვირთვა აქვს. ასე, რომ დაგველოდეთ, რუსთავი -2 ის ეთერში ახალ მრავალსერიანი დრამის დრო დგება.“ - ამბობს თათული ედიშერაშვილი.