"უნდა ატყდეს ხმაური...მინდა, წკეპლა შემოვკრა საზოგადოებას" - ინტერვიუ „პრაიმ ჰაუსის“ სკანდალურ მონაწილესთან

პაატა

პაატა თედიაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მონაწილეა.

როგორც მან "პრაიმ ტაიმს" განუცხადა,გეგმავს ექსტრემალური ფოტოსესიას ქუჩაში, ადამიანების თავშეყრის ადგილებში. "ჩემი პროვოკაცია, სიშიშვლის სახით, ძალიან საინტერესო იქნება. მართლა შიშველი კი არ დავიწყებ ქუჩაში ტანტალს, ყველას დასანახად, ეს სიშიშვლე ესთეტიკურად შეიფუთება, შესაბამისი რაკურსები იქნება დაჭერილი იმისთვის, რომ ტრაგიკულიც იყოს, ირონიულიც და საინტერესოც.

მინდა, წკეპლა შემოვკრა საზოგადოებას. ჩვენ გვგონია თავისუფლები ვართ, მაგრამ სინამდვილეში, სულაც არ ვართ თავისუფლები. სამი წელია ეს ჩანაფიქრი მაქვს გეგმაში, მაგრამ ვერ განვახორციელე, რადგან დამაბრკოლებელი ფაქტორები აქვს.

მანამდე, კონსულტაცია უნდა გავიარო იურისტთან. ქუჩა, სადაც ადამიანები მოძრაობენ და მე შიშველი გავალ, მათი უფლება ხომ ერთგვარად იზღუდება. ვშიშობ, არ მოხდეს ჩემზე თავდასხმა. მოკლედ, ამგვარი ნიუანსებია გასათვალისწინებელი. ასევე ნებართვა უნდა ავიღო მერიისგან, რადგან თბილისის ცენტრალურ ისტორიულ უბნებში უნდა გავიარო ამ "ფორმაში". ამ ინსტანციებს რომ გავივლი, მერე უკვე შემეძლება მისი განხორციელება. 

- თვლი, რომ ჯერ კიდევ ხარ სიშიშვლის ფორმაში?

- სიგარეტს აღარ ვეწევი და აქტიურად ვვარჯიშობ. კუნთოვანი მასა იმდენად გაიზარდა, გარდერობის განახლება მჭირდება. ეს პროექტი თავისი თემატური დატვირთვით იქნება საინტერესო და ჩემს პრესზე არ იქნება აქცენტი, თუმცა ესთეტურად გამართული რომ უნდა იყოს, ცხადია.

რას ემსახურება შენი სკანდალური გამონათქვამები და ქმედებები?

ზარის შემოკვრას ჰგავს. მხოლოდ ჩემთვის რომ ვიბუტბუტო, ან მხოლოდ სამეგობროში გავშალო ფილოსოფია, ამას შედეგი არ მოაქვს. უნდა ატყდეს ხმაური, ხმაურს მოჰყვეს განხილვა, განხილვამ კი კონდიციამდე უნდა მიგვიყვანოს. დაგეგმილ პროვოკაციასაც მოჰყვება ხოლმე აჟიოტაჟი და სპონტანურსაც. პროვოკაციამ ხატოვნად უნდა "შეუღიტინოს" და გამოაფხიზლოს ადამიანები. ეს საკუთარი თავის გამოხატვაა ჩემთვის, რომელიც ჩემი დაბულინგების გარეშე არ გამოდის. უკვე დამცავი ტყავი მაქვს გადაცმული და ამგვარ რეაქციებზე, აღარ ვრეაგირებ.

თამამი ნაბიჯები აუცილებელია. მე მახსოვს, ოთხი წლის წინ, როდესაც მარაო და მოსასხამაფარებული ფოტოები გამოვაქვეყნე, კომედიური ჩანახატები მომიძღვნეს, პირში ბადრიჯანი გამჩარეს და უკანალში - ბანანი. ამგვარად, სკანდალები სფეროებს ავითარებს, მაგალითად, მიმებს, იუმორისტულ ჩანახატებს, ხუმრობის განწყობას უქმნის ადამიანებს...