„თუ ძალიან გამაბრაზეს, მაშინ შემიძლია, ადამიანი ფსიქოლოგიურად გავანადგურო“ - როგორ გარდაქმნა სოფი ნურაშვილმა ტკივილი ძალად

სოფი ნურაშვილი

სოფი ნურაშვილმა, რომელიც ფართო საზოგადოებამ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო, ახლახან რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია გაიკეთა, რომ დასახული მიზანი საბოლოო წერტილამდე მიეყვანა. კონკრეტულად რაზეა საუბარი, ამაზე „თბილისელებთან“ საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– თქვი, ორი ადამიანის თანდასწრებით საუბარი მიჭირდაო, დღეს არც საუბარი გიჭირს და ყველასთვის სათანადო ადგილის მიჩენაც შეგიძლია. ეს გარდატეხა როდის მოხდა? თავდაცვისუნარიანი როგორ გახდი და როგორ შეძელი, ყველას მიეღე ისეთი, როგორიც იყავი?

– 12 წლის, როდესაც ლაპარაკიც კი მრცხვენოდა, ჩრდილში ვიყავი, მაგრამ ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს კითხვა, ინტერნეტით აქტიურად მოსარგებლე ვარ. როდესაც ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება, ეს არის ერთი ნაბიჯი უკან და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა გადავდგათ ორი ნაბიჯი წინ. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. ემოციურ ინტელექტს. ამას გვაძლევს წიგნები, გამოცდილი და საინტერესო ადამიანების მოსმენა და ასე შემდეგ. მე ვუსმენდი ჩემნაირებს, მათ ისტორიებს ვეცნობოდი, თან, ინგლისურს ვსწავლობდი. ჩემნაირმა ადამიანებმა ნელ-ნელა დაიწყეს აქტიურად გამოჩენა, საქართველოში თუ მთელ მსოფლიოში და ეს მახარებდა.

სულ რომ მეუბნებოდნენ, მახინჯი ხარ, მახინჯი ხარო, სარკის წინ ვდგებოდი, ვუყურებდი ჩემს ცხვირს და ვხედავდი, რომ ბევრზე ლამაზი მქონდა, თვალიც იმათზე ლამაზი მქონდა, ვინც მახინჯს მეძახდა, მაგრამ მხოლოდ წონაზე კეთდებოდა აქცენტი.

მტკივნეულ შედარებებს ვაკეთებდი, მაგრამ ნებისმიერი ტკივილი და ამ ტკივილისგან წამოსული ენერგია ჩვენი თავების განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ბევრი წიგნია, რომელიც გვასწავლის მეტყველებას, ფსიქოლოგიას, ურთიერთობებს, მანიპულაციების ამოცნობას, საუბრის წარმართვას, ჩაცმას, ფულად ინვესტიციებს და ასე შემდეგ. ეს წიგნები 10-15 წელიწადს გიზოგავს. მთავარია, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გარდაქმნა შევძლოთ. მე ეს ძალიან დამეხმარა. იმის გააზრება, რომ ჩემი რეალობა ჩემს გონებაზეა დამოკიდებული, რომ მე შემიძლია ჩემი რეაქციები ვაკონტროლო, დიდი ძალა აღმოჩნდა. ასე ვისწავლე ლაპარაკი და სხვებთან მოქცევა.

დაბულინგებულს ყველაზე უკეთ შეუძლია, სხვა დააბულინგოს, რადგან ყველაზე კარგად იცის, როგორ ატკინო გული. თუმცა, როცა ვინმეს უნდა, ჩემზე იერიში მოიტანოს, ყოველთვის ვცდილობ, არგუმენტირებულად გავცე პასუხი. თუ ძალიან გამაბრაზეს, მაშინ შემიძლია, ადამიანი ფსიქოლოგიურად გავანადგურო, რაც საჯაროდ არავის უნახავს.

– ახლახან კულინარიულ პროექტში გიხილეთ და მოდი, ისიც მოვყვეთ, როგორი გოგოა სოფი ოჯახში...

– დედაჩემი ექიმი, მეან-გინეკოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდ დროს ატარებდა სამსახურში. მამა ინჟინერია და ხშირად საზღვარგარეთ იყო. სახლში ვრჩებოდით მე, ჩემი ძმა და ჩემი და. საჭმელს ხუთი წლიდან ვამზადებ. ერთმანეთს ვეხმარებოდით. როცა დედა დაღლილი მოდიოდა, ძალიან მსიამოვნებდა მისთვის თბილი კერძის დახვედრება. ბავშვობიდან მიყვარს კერძების მომზადება. 16 წლიდან მარტო ვცხოვრობ და ბუნებრივია, რომ ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის სიყვარულის ენაა საყვარელი ადამიანისთვის საჭმლის მომზადება. ამას ჩემს მოვალეობად არ მივიჩნევ, მიყვარს და ამიტომ ვაკეთებ. ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მე შემიძლია მომზადება, მაგრამ შემდეგ დარეცხვა და დალაგება ცოტა არასასიამოვნო პროცესია (იცინის). იდეალური წყვილი ასე წარმომიდგენია – ერთი ამზადებს და მეორე დალაგებაში ეხმარება.