სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
"ქართული ოცნებისთვის" უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლების ქმედება, არამეგობრული და მტრულია. საუბარია ესბეუ-ს წევრების მხრიდან, განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში გამოგზავნაზე. ფაქტი "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული აღიარებითი ჩვენებით, "ჰექსოგენის" საქმის მთავარმა ფიგურანტმა დაადასტურა.
საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა თუ დანიშნულების ადგილი - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ორივე სცენარის შემთხვევაში, ქვეყანა და ქართველი ხალხი საფრთხის წინაშე იდგა.
"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული აღიარებითი ჩვენების, გაშიფრული სქემისა და მტკიცებულებების მიუხედავად, ოპოზიციაში მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებს "ჰექსოგენის" საქმესთან კავშირი არ აქვთ.
ოპოზიციის სიტყვებს, საქმეში არსებული ჩვენება აბათილებს. "კურიერის" მიერ მოპოვებული გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ უკრაინიდან 5 ქვეყნის გავლით, საქართველოში ტროტილზე უფრო ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება ესბეუ-ს თანამშრომლებმა გამოგზავნეს. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ქართველ გამომძიებელს უყვება, რომ ის, ვინც "ჰექსოგენი" მანქანის ზეთად გაასაღა, უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომელი - ვლადიმერ სტადნიკია. 7 გვერდიანი ჩვენებით დასტურდება ისიც, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი - თბილისი, ავლაბარი იყო.
ეს აღიარებითი ჩვენება მმართველი გუნდისთვის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ საქმეში სწორედ უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლები ფიგურირებენ. "ქართულ ოცნებაში" არც იმას გამორიცხავენ, რომ კვალი ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მივიდეს, ვინაიდან "ჰექსოგენამდე" იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში უკანონოდ, სწორედ სპეცსამსახურის თანამშრომლების დახმარებით შემოვიდა.
ჰექსოგენის" საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს უკრაინის საელჩო საქართველოში. დიპლომატიური უწყება წერს, რომ აწარმოებს მონიტორინგს და ცდილობს უკრაინის დაკავებული მოქალაქეების შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოპოვებას.