არჩილ გორდულაძე ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: ეს არის დანაშაულის, ძალადობის, სიძულვილის და იმ ფაშისტური კამპანიის წახალისება, რომელსაც ვხედავთ

არჩილ გორდულაძე

 "ეს არის დანაშაულის, ძალადობის, სიძულვილის და იმ ფაშისტური კამპანიის წახალისება, რომელსაც ვხედავთ," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე ევროკომისიის პრეს-სპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომელმაც ევროკავშირის სახელით, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, სხვა პატიმრებთან ერთად სოლიდარობა გამოუცხადა და მათი გათავისუფლება მოითხოვა.

"ქალბატონი ელენე ხოშტარია გამოირჩევა დანაშაულების ჩადენით, რომლის საფუძველიც არის პოლიტიკური მიზანი. ყველაზე მეტად სამწუხარო, ყველაზე რბილი შეფასებით, არის ევროკომისრის განცხადება, რომ თურმე, ევროკავშირი გვერდით უდგას მას - დამნაშავეს. ეს არის დანაშაულის, ძალადობის, სიძულვილის და იმ ფაშისტური კამპანიის წახალისება, რომელსაც ვხედავთ, სამწუხაროდ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელსაც სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მის გადახდაზე უარს ამბობს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.