5 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - არალეგალური ქარხნის საქმეზე ამ ეტაპზე დაკავებულია 7 პირი, რომელთა შორის კრივში მსოფლიო ჩემპიონიც არის

ალკოჰოლური სასმელ

საგამოძიებო სამსახური არალეგალურად მომუშავე ქარხანაში დღეს დილით შევიდა. 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - დაფასოებული და უკვე გასაყიდად გამზადებული იყო არაყი - "ბელუგას", "ბელვედერის და "გრეი გუსის" ეტიკეტებით , ასევე ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ვისკი "ბორკანი" და "ჩივას რეგალი". საერთო ღირებულება ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს.

ალკოჰოლური სასმელების და უაქციზო სიგარეტების გარდა, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ქარხანაში ბოთლები, ეტიკეტები და დაფასოებისთვის საჭირო მასალები დახვდათ. ირკვევა, რომ კუსტარული წესით ალკოჰოლის ჩამოსხმა და სარეალიზაციოდ გატანა, მუდმივად ხდებოდა

საწარმო შიდა ქართლში მდებარეობს. სოფელ ორთაშენში, ადგილობრივები ამ ადგილს ძველი წვენების ქარხანას ეძახიან. "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ობიექტი უკვე დალუქული დახვდა. ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები კი ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობდნენ.

დაკავებულებს შორისაა გიორგი კანდელაკი, მსოფლიო ჩემპიონი კრივში, რომელიც ბოლო წლებში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.

გიორგი კანდელაკის ოჯახს არალეგალურ საწარმოზე და დაკავების დეტალებზე საუბარი არ სურს. "კურიერის" შეკითხვებს სპორტსმენის ყოფილმა მწვრთნელმა უპასუხა.

გიორგი კანდელაკთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ ბიზნესმენი ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც გორის საკრებულოს მოქმედი დეპუტატია. საქმეში ჩართული იყო ვისკის მწარმოებელი შ.პ.ს "ალიდას" დირექტორი, ალექსანდრე კურტანიძეც.

ამ ეტაპზე ორგანიზებული ჯგუფის შვიდი წევრია დაკავებული, თუმცა საგამოძიებო უწყებაში დღეს დაკავებულთა რიცხვის გაზრდა არ გამოირიცხეს.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან.

დანაშაულის გარემოებებზე ადვოკატები ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, საქმეში უკვე დევს ჩხრეკისას ამოღებული კონკრეტული ნივთმტკიცებები, მათ შორის, 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომელიც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საწარმოში დამონტაჟებულ ცისტერნებში აღმოაჩინეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის, დადგინდება, იყო თუ არა სარეალიზაციოდ გამზადებული არაყი და ვისკი სიცოცხლისთვის საშიში.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.