1728846029
სამხრეთ კორეაში შექმნეს ჭკვიანი ლინზები, რომლებიც ალცჰაიმერს ადრეულ ეტაპზე ავლენს
სამხრეთ კორეის მექანიზმებისა და მატერიების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა, იონსეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჭკვიანი ლინზები შექმნეს, რომელთა მეშვეობითაც ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ლინზა პაციენტის თვალში თავსდება, რათა მან ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური ცვლილებები, ანუ დაავადების ინდიკატორები დააფიქსიროს. ის ტვინის სხვა ნევროლოგიური და დეგენერაციული დარღვევების დიაგნოსტირების საშუალებასაც იძლევა.
აღსანიშნავია, რომ დემენციის ეს ფორმა მთელ მსოფლიოში 50 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ის პირველ ეტაპზე ორგანიზმში წლების განმავლობაში მკაფიო სიმპტომების გარეშე ყალიბდება. შესამჩნევია მხოლოდ მცირე კოგნიტიური დარღვევები, შემდეგ კი ახალი, ბევრად მწვავე ნიშნები ვლინდება. შესაბამისად, დიაგნოზის დროულად დასმა მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროგრესირებადი დაავადებაა.