რა ვიცით პუტინის ქალიშვილზე, რომელმაც მამის გვარზე უარი თქვა

პუტინი ქალიშვილთან ერთად

კატერინა ტიხონოვა (იგივე კატერინა პუტინი) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ლუდმილა შკრებნევას უმცროსი ქალიშვილია. თუმცა,  დიდი ხანია, ის  მამის გვარს აღარ ატარებს. Reuters-ის ცნობით, კატერინამ გვარი „ტიხონოვა“ ბებიის, ეკატერინა ტიხონოვნა შკრებნევასგან აიღო. 


 
|რა ვიცით პუტინის უმცროს ქალიშვილზე


კატერინა ტიხონოვა 1986 წლის 31 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ დრესდენში დაიბადა. როგორც Reuters-ი წერს, პუტინის უმცროსმა ქალიშვილმა განათლება სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ის ჩინეთ-იაპონიის ისტორიას ეუფლებოდა . ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მაგისტრატურაზე სწავლა კატერინამ ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით განაგრძო. სწავლის პერიოდში ხშირად ატარებდა კვლევებს და უამრავი ნაშრომის ავტორიცაა.  ერთ-ერთი მათგანის სახელწოდებაა - „როგორ რეაგირებს ადამიანის სხეული ნულოვან გრავიტაციაზე“.
 
უნივერსიტეტის რექტორი, ვიქტორ სადოვნიჩი კატერინას ნიჭიერ მკვლევარად მოიხსენიებს:


 
„ის საკმაოდ ნიჭიერი მკვლევარია, ლექციებსა და სემინარებზე ხშირად წარმოადგენდა კვლევის შედეგებს და მუდმივად აცნობდა აუდიტორიას“. 

 

მას შემდეგ, რაც 2000 წელს,  რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი აირჩიეს, კატერინა ყველანაირად ცდილობდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოქცეულიყო. სწორედ ამიტომ, მასზე დიდი ხნის მანძილზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი. 

 


 
|კარიერა 


 
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის უმცროსი ქალიშვილი ჰოლდინგ Innopraktika-ს დირექტორია. Innopraktika აერთიანებს იმ ინსტიტუტების ქსელს, რომლებიც სამეცნიერო და ინოვაციური სახელმწიფო პროექტების შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობენ. ასევე, ის  არის მოსკოვის მათემატიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 
 
კატერინა ტიხონოვა გატაცებულია აკრობატული როკ-ენ-როლით. ინტერნეტსივრცეში იძებნება ვიდეორგოლები, სადაც იგი საკუთარ პარტნიორთან ერთად ცეკვავს. 



 
|პირადი ცხოვრება

 

Reuters-ის ცნობით, კატერინა დაქორწინებული იყო პუტინის ძველი მეგობრის, ბანკ „რასიას“აქციონერის (ნიკოლაი შამალოვის) შვილზე კირილ შამალოვზე.  ამ პერიოდში წყვილი ერთად დაახლოებით ორი მილიარდის ოდენობის აქტივებს ფლობდა.


 
Reuters-ის მიერ  2015 წელს ჩატარებული გამოძიების მიხედვით, თანხის დიდი წილი დაკავშირებული იყო გაზისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილეს კომპანიებთან, რომლებიც კირილმა, გენადი ტიმოშენკოსგან შეიძინა. ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტ პუტინის კიდევ ერთი მეგობარია. 
 
ინფორმაცია ტიხონოვასა და შამალოვის დაშორების შესახებ 2018 წელს გავრცელდა. როგორც იმ დროს „რადიო თავისუფლება“ წერდა , განქორწინების შედეგად, კირილმა ქონების 50 %-ი დაკარგა. 
 
გავრცელებული ინფორმაციით, კირილის ამჟამინდელი მეუღლე, ჟანა ვოლკოვაა. წყვილს საერთო ქალიშვილი ჰყავს. 
 
 
 
მომზადებულია Business Insider-ის,  Reuters-ისა  და Independent-ის მიხედვით