1731614151
ქველმოქმედების გრძელი სია - ცნობილი ვარსკვლავის ნაკლებად ცნობილი ფაქტები
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ადამიანი და ქალი, რომელიც ბუნებამ სილამაზის გარდა, სიკეთის უანგაროდ კეთების უნარით დააჯილდოვა - ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ანჯელინა ჯოლის დახასიათებისას ხშირად მოისმენთ.
ოსკაროსანი მსახიობი და UNISEF-ის კეთილი ნების ელჩი ამჯერად უკრაინაში იმყოფება. ჰოლივუდის ვარსკვლავი ჭურვებს არ შეუშინდა და ლვოვს ჰუმანიტარული მისიით ეწვია.
ანჯელინამ ჯერ ომის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა, ეწვია საავადმყოფოებს, გამართა შეხვედრები ადგილობრივებთან. მსახიობი ყველანაირად ეცადა მათთვის ყოველდღიურად ქცეული ომის სისასტიკე შეემსუბუქებინა და მომავლის იმედი დაებრუნებინა.
„მტკივნეულია იმის დანახვა თუ რა გავლენა აქვს ომს უკრაინელ ბავშვებზე. არცერთი პატარა არ იმსახურებს ბომბებს თავშესაფარში დაემალოს, დატოვოს მშობლიური სახლი და ნახოს როგორ კვდებიან ოჯახის წევრები. თუმცა, ამის მიუხედავად დღეს უკრაინელი ბავშვებისთვის რეალობას სწორედ ასეთი სახე აქვს“,- ამბობს ის.
თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლამაზმანი საფრთხეს არ შეუშინდა და ადამიანების გასამხნევებლად ცხელ წერტილში ჩავიდა. ლტოლვილების, ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლების მდგომარეობის შესამსუბუქებლად ის 21 წელია იბრძვის:
„მინდა მსოფლიოში ნაკლები უსახლკარო ადამიანი იყოს, ყველა გოგონას ჰქონდეს განათლების მიღების უფლება, მინდა ადამიანებს დაკარგული ბედნიერება დავუბრუნო“
მსოფლიოში არსებულმა ჰუმანიტარულმა კრიზისმა ვარსკვლავის ყურადღება პირველად კამბოჯაში ყოფნისას მიიპყრო. მსახიობი იქ ფილმის - „ლარა კროფტის“ გადაღებების დროს იმყოფებოდა. ლტოლვილების გაუსაძლის მდგომარეობაში დანახვამ ჯოლიზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ვითარების გამოსწორების მიზნით, მან დაუყოვნებლივ მიმართა გაეროს ლტოლვილთა დახმარების ორგანიზაციას და პარტნიორობა შესთავაზა.
შედეგად, 2001 წლიდან ანჯელინა ჯოლი UNISEF-ის კეთილი ნების ელჩია. ამ რანგში ვარსკვლავი ათობით ქვეყანას ეწვია. ჯოლი იმყოფებოდა ირანში, ტაილანდში, სიერა ლეონეში, იემენში. ეწვია ჰაიტს, მას შემდეგ რაც კუნძულზე დამანგრეველმა მიწისძვრამ უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. ის ადგილზე ხვდებოდა ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათთვის საჭირო დახმარება ჩაჰქონდა. წლების განმავლობაში ოსკაროსანმა მსახიობმა ქველმოქმედებისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი გადარიცხა.
„ყველა ადამიანმა მცირე წვლილი რომ შეიტანოს სხვების კეთილდღეობაში- სამყარო უკეთესი ადგილი იქნებოდა. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უყურო როგორ იტანჯებოდა გვერდით ადამიანი და არაფერი მოიმოქმედო“,- აღნიშნავს ჯოლი.
გარემოსდაცვით პრობლემებზე ზრუნვისთვის 2003 წელს ლამაზმანმა საქველმოქმედო ფონდი, სახელწოდებით მადოქს-ჯოლი-პიტი შექმნა. ანჯელინა ჯოლი აქტიურად იბრძვის სექსუალური ძალადობისა და გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ. იცავს აფრო-ამერიკელთა უფლებებს. თავად 6 შვილის დედა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვს ჰქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა.
იმისთვის, რომ მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქციოს, ჯოლი არც საკუთარი სამკაულების გაყიდვას ერიდება. 2012 წელს მან თავისი საიუველირო კოლექცია აუქციონზე გაიტანა და შემოსული თანხა კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ბავშვების განათლებას შესწირა.
ანჯელინა ჯოლი გაჩერებას არც ამჯერად აპირებს, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ქველმოქმედ ქალს ღრმად სწამს, რომ თუ შენს სიცოცხლეს სხვებზე ზრუნვას არ მოახმარ, მაშინ არაფერს აქვს აზრი ცხოვრებაში.