„ქუჩაში შიშველი უნდა გავიდე, მაგრამ ნებართვა მერიისგან უნდა ავიღო...“ - პაატა თედიაშვილი "პრაიმტაიმთან" ახალ სკანდალს აანონსებს

paata

19 თებერვალს პაატა თედიაშვილი 44 წლის ხდება. დაბადების დღეს, ტრადიციულად, სახლში მარტო ატარებს, რადგან, როგორც ამბობს, საჩუქრების მიღებით, ადამიანების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ უყვარს.

ახალ ხმაურს გეგმავს. საზოგადოების "აყაყანება" მოენატრა. და სატყუარად ფოტოხელოვან დავით ტრაპაიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გადმოაგდო წარწერით:

შეხვდნენ და დაგეგმეს. უფრო სწორად, ძველი გეგმა "გააფიცხეს". ამჯერად, სკანდალურ ხაშურელს თბილისის კონკრეტულ უბნებსა თუ ღირსშესანიშნაობებთან შიშველი ფოტოსესიის მოწყობა განუზრახავს. თუმცა მანამდე, როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, მერიისგან ნებართვის აღება სურს.

პაატა თედიაშვილი: მინდა წკეპლა შემოვკრა საზოგადოებას. ჩვენ გვგონია თავისუფლები ვართ, მაგრამ სინამდვილეში, სულაც არ ვართ თავისუფლები. სამი წელია ეს ჩანაფიქრი მაქვს გეგმაში, მაგრამ ვერ განვახორციელე, რადგან დამაბრკოლებელი ფაქტორები აქვს.

ეს იქნება ექსტრემალური ფოტოსესია, ქუჩაში, ადამიანების თავშეყრის ადგილებში. მანამდე კონსულტაცია უნდა გავიარო იურისტთან. ქუჩა, სადაც ადამიანები მოძრაობენ და მე შიშველი გავალ, მათი უფლება ხომ ერთგვარად იზღუდება. ვშიშობ, არ მოხდეს ჩემზე თავდასხმა. მოკლედ, ამგვარი ნიუანსებია გასათვალისწინებელი. ასევე ნებართვა უნდა ავიღო მერიისგან, რადგან თბილისის ცენტრალურ ისტორიულ უბნებში უნდა გავიარო ამ "ფორმაში". ამ ინსტანციებს რომ გავივლი, მერე უკვე შემეძლება მისი განხორციელება. ფოტოშოფით არ გვსურს ამის გაკეთება. 

- თვლი, რომ ჯერ კიდევ ხარ სიშიშვლის ფორმაში?

- სიგარეტს აღარ ვეწევი და აქტიურად ვვარჯიშობ. კუნთოვანი მასა იმდენად გაიზარდა, გარდერობის განახლება მჭირდება. ეს პროექტი თავისი თემატური დატვირთვით იქნება საინტერესო და ჩემს პრესზე არ იქნება აქცენტი, თუმცა ესთეტურად გამართული რომ უნდა იყოს, ცხადია. 

- რას ემსახურება შენი სკანდალური გამოჩენები?

- ზარის შემოკვრას ჰგავს. მხოლოდ ჩემთვის რომ ვიბუტბუტო ან მხოლოდ სამეგობროში გავშალო ფილოსოფია, ამას შედეგი არ მოაქვს. უნდა ატყდეს ხმაური, ხმაურს მოჰყვეს განხილვა, განხილვამ კი კონდიციამდე უნდა მიგვიყვანოს. დაგეგმილ პროვოკაციასაც მოჰყვება ხოლმე აჟიოტაჟი და სპონტანურსაც. პროვოკაციამ ხატოვნად უნდა "შეუღიტინოს" და გამოაფხიზლოს ადამიანები. ეს საკუთარი თავის გამოხატვაა ჩემთვის, რომელიც ჩემი დაბულინგების გარეშე არ გამოდის. უკვე დამცავი ტყავი მაქვს გადაცმული და ამგვარ რეაქციებზე, აღარ ვრეაგირებ.

თამამი ნაბიჯები აუცილებელია. მე მახსოვს, ოთხი წლის წინ, როდესაც მარაო და მოსასხამაფარებული ფოტოები გამოვაქვეყნე, კომედიური ჩანახატები მომიძღვნეს, პირში ბადრიჯანი გამჩარეს და უკანალში - ბანანი. ამგვარად, სკანდალები სფეროებს ავითარებს, მაგალითად, მიმებს, იუმორისტულ ჩანახატებს, ხუმრობის განწყობას უქმნის ადამიანებს...