„მატილდემ განსხვავებული გრძნობა მომიტანა. ლამაზი, საყვარელი ბავშვია" - 54 წლის ლევან ქარაზანიშვილი მესამე ქალიშვილზე გვიყვება

levan

ცნობილ კარდიოქირურგს, ლევან ქარაზანიშვილს მესამე ქალიშვილი შეეძინა. პატარა მატილდე მშობლების ყოფილ სამუშაო ადგილას, ბოკერიას კლინიკაში გაჩნდა. 

54 წლის ბედნიერი მამა ემოციებს გვიზიარებს.

ლევან ქარაზანიშვილი: არაჩვეულებრივი ემოციები დამეუფლა. მშობიარობას არ დავსწრებივარ, მერე მოვინახულე მატილდე, ზომიერი წონის, ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია.

როგორც ყველა, ჩვენც ვემზადებოდით პატარასთან შესახვედრად. განსაკუთრებული არაფერი, ვიყიდეთ საჭირო ნივთები, მოვუმზადეთ ოთახი და რამდენიმე დღეში, სახლში ველოდები პატარას.

ნაბოლარამ, რა თქმა უნდა, განსხვავებული გრძნობა მომიტანა, თუმცა უფროს ქალიშვილებსაც თავისებური და თბილი ემოციებით შევხვდი. ახლა მზრუნველობის კუთხით უფრო გამოვირჩევი, ალბათ, სულ სხვა ასაკშიც ვარ და ეგ არის განმასხვავებელი.

კარდიოქირურგმა 26 წლის ქეთი ძიგუაზე ჯვარი გასული წლის მარიამობას, 28 აგვისტოს დაიწერა. არაპომპეზური ქორწინება ექიმის სახლში, ვიწრო წრეში აღინიშნა. 

"თავიდან ჩვენი ასაკობრივი ბარიერი ტვინში გვქონდა. ვფიქრობდი, რომ ამ ქორწინებას ვერ მიიღებდნენ. მაგრამ გულიდან წამოსულმა გრძნობამ გაიმარჯვა. ამიტომ თავის მოტყუება აღარ ღირდა. იმიტომ რომ საზოგადოება ამას ვერ მიიღებდა, ამგვარ თვითგვემას ვერ მივეცემოდით" - გვითხრა შარშან, ახლადდაქორწინებულმა ლევანმა. 

გადაცემა "ექიმების" წამყვანს პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს, 27 წლის ნინა და 22 წლის ანნა. 

გულის კარდიოქირურგის წარმატებული კარიერა იტალიაში, ქალაქ ნოვარაში დაიწყო. წლებთან ერთად დაგროვილი გამოცდილების მიღების შემდეგ, სამშობლოს დაუბრუნდა და თავის პროფესიონალიზმით თანამემამულეებს ეხმარება.